თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ოთხი პირის პროცესი გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ოთხი პირის პროცესი დღეს გაგრძელდება.
სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე აცხადებს, სხდომაზე ასევე განიხილება საკითხი, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოს. დავით ჭიკაიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლება მოხდება.
ადვოკატის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულებზე ამნისტიის კანონპროექტი ისედაც მოქმედებს, დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა, გაკეთდება თუ არა განცხადება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
„საქალაქო სასამართლოში განახლდება საბა ჩხარტიშვილისა და დანარჩენი ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დაცვის მხარე, კონკრეტულად კი საბა ჩხარტიშვილის დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას შეფარდებული პატიმრობის შეცვლის თაობაზე. ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებას, გირაოს მოვითხოვთ. ასევე, დაცვის მხარე დააფიქსირებს პოზიციებს წარმოდგენილი მტკიცებულებების სადავო-უდავოობასთან დაკავშირებით. ასევე, პროცესზე განიხილება საკითხი სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფასთან დაკავშირებით. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, მაღალი ალბათობით გვექნება იმის მოლოდინი, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ცალკე წარმოებასთან დაკავშირებით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებებს დაცვის მხარის მოთხოვნას და შეფარდებულ პატიმრობას შეცვლის გირაოთი, ცალსახად შემიძლია, გითხრათ, რომ დარბაზიდან მოხდება პიროვნების გათავისუფლება. ასევე, მნიშვნელოვანია ჩიქოვანის თანხმობა საპროცესო შეთანხმების გაფორმების ეტაპისთვის, ასევე ამნისტიის გავრცელების ეტაპისთვისაც, ისევე, როგორც საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს დაზარალებულთა თანხობა. საპროცესოს საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით სიახლე არ გვაქვს. დღევანდელი პროცესი გვიჩვენებს სამომავლოდ გავაკეთებთ თუ არა განცხადებას საპროცესოსთან დაკავშირებით, თუ რეალურად ამნისტიის მოლოდინი გვექნება“ – აღნიშნა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.
საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.