თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩეხი პიანისტის, ლუკაშ ვონდრაჩეკის კონცერტი გაიმართა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცნობილი ჩეხი პიანისტის, ლუკაშ ვონდრაჩეკის კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა პიანისტმა მსმენელებისთვის ბრამსის, შუმანისა და სმეტანას ნაწარმოებები შეასრულა. ლუკაშ ვონდრაჩეკის პირველმა სოლო კონცერტმა თბილისში ანშლაგით ჩაიარა, პიანისტი დარბაზში დასაკრავად ბისზე ორჯერ გამოვიდა.
„ჩემთვის ეს ძალიან დასამახსოვრებელი საღამო იყო. სიამოვნებით დავბრუნდები ნებისმიერ დროს საქართველოში კონცერტის ჩასატარებლად. ქართველი მსმენელის წინაშე დაკვრა ნამდვილად განსაკუთრებული გრძნობაა, ასე არ ხდება ყველა ქვეყანაში. მე აქ ვიგრძენი განსაკუთრებული დამოკიდებულება და კავშირი მსმენელთან“, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას ლუკაშ ვონდრაჩეკმა პირველი სოლო კონცერტი თბილისში.
ლუკაშ ვონდრაჩეკი ბრიუსელის დედოფალ ელისაბედის პიანისტთა კონკურსის 2016 წლის გრან-პრის მფლობელია. მას ახალი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო პიანისტად მიიჩნევენ.
კონცერტი თბილისში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „ელისო ვირსალაძის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.