სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება
სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორობის კიდევ ერთ კანდიდატთან თამარ ჩხეიძესთან გასაუბრება დასრულდა.

როგორც ჩხეიძემ განაცხადა, კონსერვატორიაში მუშაობის 22-წლიანი სტაჟი აქვს და მისი მხრიდან კონკურსში მონაწილეობა ბუნებრივია.

გასაუბრების შემდეგ, თამარ ჩხეიძემ უპასუხოდ დატოვა კითხვა, აკავშირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილთან პირადი ნაცნობობა.

„დასრულდეს არჩევნები და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. ახლა არც ერთ საკითხზე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. კონსერვატორიაში 1997 წლიდან ვმუშაობ. საბჭოს წევრებს დიდი ხანია ვიცნობ და წარდგენაზე უხერხული ან დაძაბული გარემო არ ყოფილა. როდესაც აპირებ, რექტორად იყარო კენჭი, რწმენაც უნდა გქონდეს, თუ არ გაქვს რწმენა, არც უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა თამარ ჩხეიძემ.

თამარ ჩხეიძე მესამე კანდიდატი იყო, რომელმაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის გასაუბრებაზე საკუთარი ხედვა აკადემიურ საბჭოს წარუდგინა. ამჟამად ბოლო, მეოთხე კანდიდატს უსმენენ. ირაკლი ცინცაძის მოსმენის შემდეგ აკადემიური საბჭოს შვიდი წევრისგან შემდგარი კომისია ჯერ იმსჯელებს, შემდეგ კი ხმის მიცემის პროცესი დაიწყება.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად არჩევისთვის აკადემიური საბჭოს ოთხი ხმაა საჭირო. ხმების გაყოფის შემთხვევაში დღესვე მეორე ტური გაიმართება.