თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორობის კანდიდატებს უსმენენ
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორობის კანდიდატებს უსმენენ

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორობის კანდიდატებს უსმენენ. აკადემიური საბჭოს შვიდკაციანი კომისია რექტორობის ოთხ კანდიდატს გაესაუბრება. კანონის მიხედვით, პირველ ეტაპზე კანდიდატები ერთი საათის განმავლობაში სამოქმედო გეგმას წარადგენენ, შემდეგ აკადემიური საბჭო იმსჯელებს და ბოლოს ხმის მიცემის პროცესი დაიწყება. პროცედურების დიდი ნაწილი დახურულია.

კონსერვატორიის განვითარების სამომავლო გეგმა პირველად აკადემიურ საბჭოს ნინო ჟვანიამ წარუდგინა. პიანისტის, მუსიკათმცოდნისა და ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის განცხადებით,  ის დარწმუნებულია, რომ შვიდკაციანი აკადემიური საბჭო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ნინო ჟვანია ამბობს, რომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავს, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებსა და პროგრამაში ეჭვი არ ეპარება.

„წარვადგინე კონსერვატორიის განვითარების სამოქმედო გეგმა. მჯერა, რომ საბჭო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. ისინი მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სასარგებლო იქნება კონსერვატორიისთვის, მთლიანად ქართული აკადემიური მუსიკის სფეროსთვის. კონსერვატორია ამ დროისათვის არის ლიდერი ამ სფეროში და იმედი მაქვს, დიდხანს იქნება ასე. დარწმუნებული ვარ, აკადემიურ საბჭოს ესმის ამ ლიდერობის მნიშვნელობა“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.

კითხვაზე, არის თუ არა სახელმწიფო კონსერვატორიაში კლანური მმართველობა, ნინო ჟვანია აღნიშნავს, რომ კონკრეტული ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და აღნიშნულის თაობაზე მიმდინარე საუბრების შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო.

„ფაქტზე, რომ ხდება ლობირება, ინფორმაცია მაქვს სოციალური ქსელიდან, თუმცა პირადად მე ინფორმაცია არ ვფლობ და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ინფორმაცია ჩემგან არ წამოსულა. არჩევნები დემოკრატიული პროცესია, რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო. თითოეულ წევრს ვიცნობ, რადგან პატარა დაწესებულება ვართ და მათ სინდისიერებაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის პოსტზე სულ ოთხი კანდიდატი იბრძვის. გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო მიიღებს. რექტორის პოზიციის დასაკავებლად, კანდიდატმა ოთხი ხმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ ხმები გაიყოფა, მეორე ტური ჩაინიშნება. წესდების მიხედვით, ეს ხმების შედეგების გამოცხადებიდან ერთი საათის ვადაში უნდა დაიწყოს. ვინ უხელმძღვანელებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი