კონსერვატორიაში „სტეინვეის“ ახალშეძენილი როიალები დააზიანეს, კულტურის სამინისტრო განმარტებებს ითხოვს
კონსერვატორიაში „სტეინვეის“ ახალშეძენილი როიალები დააზიანეს, კულტურის სამინისტრო განმარტებებს ითხოვს

კონსერვატორიაში დააზიანეს „სტეინვეის“ ახალშეძენილი როიალები, მოვუწოდებთ კონსერვატორიის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, სამინისტროში სათანადო განმარტებები წარმოადგინონ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს კულტურის სამინისტრო მკაცრად გმობს კონსერვატორიაში ახალშეძენილი „სტეინვეის“ როიალების დაზიანებას. სამინისტრო მკაცრად გმობს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მომხდარ ვანდალურ ფაქტს და მოუწოდებს კონსერვატორიის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ მომხდარით და სამინისტროში წარმოადგინონ სათანადო განმარტებები.

სამწუხაროდ, კულტურის სამინისტროს მიერ უკვე შეძენილი და კონსერვატორიისათვის გადაცემული 57 STEINWAY & SONS-ის ორი როიალი მიზანმიმართულად არის დაზიანებული (ბასრი საგნით დაკაწრული)! ეს აღმაშფოთებელი ფაქტია, რადგან კულტურის სამინისტროს მიერ კეთდება ყველაფერი, რათა სტუდენტებსა და პედაგოგებს ჰქონდეთ წარმატებული სასწავლო პროცესის შესაბამისი გარემო-პირობები. 2021 წელს სამინისტრომ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ახალი, უმაღლესი ხარისხის როიალების შესაძენად დაიწყო მოლაპარაკებები მსოფლიოში ცნობილ კომპანია STEINWAY & SONS-თან.

კულტურის სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლიდან, 50-წლიანი წყვეტის შემდეგ, დაიწყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრის პროცესი და აქტიური თანამშრომლობა STEINWAY & SONS-თან. ხელშეკრულების მიხედვით, კონსერვატორიას 2022 წლიდან 2025 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გადაეცემა 78 როიალი, რისთვისაც გამოიყო 8 012 636 ევრო.

მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრას კულტურის სამინისტრო კვლავ განაგრძობს, თუმცა მნიშვნელოვანია კონსერვატორიის მიერ აღნიშნული რესურსის სწორად და პასუხისმგებლობით გამოყენება“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.