გარდაიცვალა კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი
გარდაიცვალა კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი

ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1987-1988 წლებში იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის – „მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტების“ ავტორი; 1988 წელს დააარსა საკონცერტო ფირმა „კლასიკა“. 1995 წელს საფუძველი ჩაუყარა „საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა“ კონკურსს; 1996 წელს გახდა კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი; 1997 წელს მისი თაოსნობით აღდგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი; 1997 წელს დაარსა „პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი“; ამავე წელს საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის საერთაშორისო ფესტივალს „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“.

2000-2012 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი იყო. 2001-2007 წლებში მისი თაოსნობით მოხდა კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია-რეორგანიზება, შექმნა კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; 2002 წელს საფუძველი ჩაუყარა „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს“  და „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრს“.

2005 წელს მისი თაოსნობით კონსერვატორია გახდა ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის წევრი.  2009-2010 წლებში იყო საქართველოში უწყვეტი სამუსიკო განათლების რეფორმის ინიციატორი; 2012 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე.

1999 წელს მანანა დოიჯაშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2005 წელს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები. 2004 წელს საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით.  2003 წელს კი მანანა დოიჯაშვილმა მიიღო ქართველი მუსიკოსებისათვის უმაღლესი ჯილდო – ზ.ფალიაშვილის სახელობის პრემია.