კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო კონსერვატორიასა და 12 სამუსიკო სასწავლებელს ინსტრუმენტების შეძენა დაუფინანსა
კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო კონსერვატორიასა და 12 სამუსიკო სასწავლებელს ინსტრუმენტების შეძენა დაუფინანსა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ გამარჯვებულები გამოავლინა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა სახელმწიფო კონსერვატორიასა და სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებელში ინსტრუმენტების განახლება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სასწავლებლების დიდ უმრავლესობაში ახალი ინსტრუმენტების შეძენა გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა.

„შესაბამისად, სასწავლებლები მუსიკალური ინსტრუმენტების მწვავე დეფიციტს განიცდიან, რაც ცხადია, სასწავლო პროცესში სერიოზულ პრობლემებს ქმნის. იმ სასწავლებლებს შორის, რომლებშიც რამდენიმე ათეული წელია, მუსიკალური ინსტრუმენტების განახლება არ მომხდარა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სსიპ ე. მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (სადაც მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვა ბოლოს გასული საუკუნის 70-იან წლებში განხორციელდა), სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი – „ნიჭიერთა ათწლედში“ (ბოლო 50 წლის განმავლობაში სახელმწიფოს დახმარებით ინსტრუმენტების ბაზა არ განახლებულა), სსიპ გორის სამუსიკო კოლეჯში (1971 წლის მერე კოლეჯს ახალი ინსტრუმენტი არ შეუძენია), სსიპ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელში (სამოციანი წლების შემდეგ ინსტრუმენტები არ განახლებულა), ა(ა)იპ ფოთის ა. ხორავას სახელობის სკოლის გარეშე ხელოვნების სასწავლებელში (სადაც მუშაობა 50-60 წლის წინანდელი ინსტრუმენტებით მიმდინარეობს)“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.