თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პუჩინის „ტურანდოტის“ პრემიერა შედგა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პუჩინის „ტურანდოტის“ პრემიერა შედგა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯაკომო პუჩინის უკანასკნელი ოპერის – „ტურანდოტის“ პრემიერა შედგა. დადგმა, პუჩინის ფესტივალის „ტორე დელ ლაგოსა“ და თბილისის ოპერის კოპროდუქციაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის უბრალოდ გენიალური სპექტაკლი, არამედ ეს არის კოპროდუქცია, რომელიც რეპერტუარში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს დარჩება. ვიცი, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავა ყველამ, რათა ასეთი ბრწყინვალე პრემიერა შემდგარიყო“, – განაცხადა პირველ არხთან საქართველოს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

თბილისში „ტურანდოტის“ სულ ექვსი საპრემიერო ჩვენება გაიმართება, რომლებშიც, ოპერის სოლისტებთან ერთად, მოწვეული ქართველი და უცხოელი მომღერლები და დირიჟორები მიიღებენ მონაწილეობას.

სპექტაკლის სასცენო ვერსია ცნობილი ჟურნალისტსა და მწერალს, ალფონსო სინიორინის ეკუთვნის. „ტურანდოტი“ მისი სარეჟისორო დებიუტია.

სამმოქმედებიანი ოპერა ჩინეთის იმპერატორის მეფის ასულის სიყვარულის ისტორიას ეხება. „ტურანდოტის“ მსოფლიო პრემიერა 1926 წლის 25 აპრილს მილანის თეატრ „ლა სკალაში“ შედგა, მას შემდეგ სპექტაკლმა მსოფლიოს მრავალი საოპერო თეატრის სცენა დიდი წარმატებით მოიარა.