ირაკლი ბენდელიანი - ოპერის სარეაბილიტაციო სამუშაო მაღალი ხარისხით შესრულდა, თუმცა გეოლოგიურად არამდგრადი ქანობის გამო, დამატებითი სამუშაოებია საჭირო
ირაკლი ბენდელიანი - ოპერის სარეაბილიტაციო სამუშაო მაღალი ხარისხით შესრულდა, თუმცა გეოლოგიურად არამდგრადი ქანობის გამო, დამატებითი სამუშაოებია საჭირო

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ოპერის სრული რეაბილიტაცია 2015 წელს დასრულდა და სამუშაო მაღალი ხარისხით შესრულდა.

ამის შესახებ ბენდელიანმა „ოპერის შენობის დანგრევის საკითხზე ოპოზიციის ბრალდებებთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირი გეოლოგიურად არამდგრად ქანობზე მდებარეობს, მიწისქვეშა გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა და საჭიროა დამატებითი სამუშაოები, რათა ოპერის შენობას საფრთხე არ შეექმნას.

„ეს უფრო მეტად ოპოზიციის ფანტაზიის ნაწილია. ჩვენმა მოსახლეობამ იცის, რომ ოპერის სრული რეაბილიტაცია 2015 წელს დასრულდა და მაღალი ხარისხით შესრულდა სამუშაო. იმის გათვალისწინებით, რომ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია მდებარეობს გეოლოგიურად არამდგრად ქანობზე, პერიოდულად ტარდება გეოლოგიური კვლევები. სწორედ ასეთი ერთ-ერთი პერიოდული შემოწმების დროს, 2017 წელს გამოვლინდა, რომ მიწისქვეშა გრუნტის წყლებმა იცვალა მიმართულება. სწორედ ამაზეა საუბარი, რაც არანაირ კავშირში არ არის აქამდე შესრულებულ სამუშაოებთან ან ოპერის შენობის დანგრევასთან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ რუსთაველის გამზირი მდებარეობს გეოლოგიურად არამდგრად ქანობზე და მოხდა გრუნტის წყლების ცვლილება. რომ არ შექმნოდა საფრთხე შენობას, და არა ისე, რომ საფრთხე უკვრ შეექმნა და ახლა რამე კატასტროფა ხდება, ამის გამო ხდება პრევენციულად გამაგრებითი სამუშაოები”,- განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, ოპერის თეატრის შენობის გაძლიერებისთვის დამატებითი ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო.