ოპერისა და ბალეტის თეატრში დავით ევგენიძის ახალი პროექტისთვის მზადება მიმდინარეობს [ფოტო]
ოპერისა და ბალეტის თეატრში დავით ევგენიძის ახალი პროექტისთვის მზადება მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი მუსიკალური ფესტივალისთვის მზადება მიმდინარეობს.

„უვერტიურა“, ასე ჰქვია მუსიკოს დავით ევგენიძის ახალ პროექტს, რომელიც ქართველი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებების ნომრებს აერთიანებს.

პროექტის ორგანიზატორის, დავით ევგენიძის განცხადებით, ფესტივალი პანდემიის დროს შეიქმნა და ყოველწლიურად გაიმართება.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც დავფიქრდით ჩვენს კლასიკურ მუსიკაზე და გვინდოდა, დავხმარებოდით კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს. შემდეგ გაჩნდა იდეა, შევასრულოთ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები. რა თქმა უნდა, მოცარტის, ვივალდის, შოპენისა და სხვა გენიალური კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულება ფანტასტიკაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ქართველ კომპოზიტორებს არ აქვთ ეს ფუფუნება, რომ ხშირად გამოდიოდნენ სცენაზე. ამიტომ მოგვივიდა იდეა, ამ სახით გაგვეკეთებინა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ოპერისა და ბალეტის თეატრს, ბადრი მაისურაძესა და ეკა გელაშვილს ასეთი ქველმოქმედებისთვის. მათ გარეშე ეს ყველაფერი არ შედგებოდა. რა თქმა უნდა, მერიას, ამ პროექტის მიღებისთვის და დამტკიცებისთვის, გვერდზე დგომისთვის და მადლობა ჩვენს საზოგადოებრივ არხს. კონცერტი ხვალ გავა თბილისის მერიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ პლატფორმაზე, ასევე ფესტივალის ტრანსლაცია ევროპის სამოც ქვეყანაში გაიმართება“, – განაცხადა დავით ევგენიძემ.

ამასთან, როგორც ფესტივალის თანაორგანიზატორმა ირაკლი ევსტაფიშვილმა განაცხადა, პროექტში მონაწილეობას იღებს 40-მდე მუსიკოსი, სხვადასხვა ინსტრუმენტალისტი და მომღერალი.

„არიან როგორც კონსერვატორიის სტუდენტები, ისევე შემდგარი მუსიკოსები. გვყავს პატარა კომპოზიტორები და უკვე შემდგარი კომპოზიტორებიც. ზოგიერთი ნაწაროები საერთოდ პირველად სრულდება და მით უმეტეს, პუბლიკა პირველად მოისმენს ამ კომპოზიტორებს“, – განაცხადა ირაკლი ევსტაფიშვილმა.

დატოვე კომენტარი