თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკური ეკლესიის მრევლს დღესასწაულს ულოცავს.

სააგენტოს ცნობით, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

„დღეს კათოლიკური სამყარო უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღეს ზეიმობს. წლევანდელი აღდგომაც, სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში აღინიშნება, თავად რომის პაპიც სააღდგომო მიმართვას წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე წარმოთქვამს. თუმცა, ეს მაინც ვერ ანელებს ქრისტეს აღდგომით მოგვრილ სიხარულს – სწორედ ამგვარი განწყობა იყო თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, სადაც სააღდგომო ლიტურგიას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომელმა, ზვიად ტყაბლაძემ.

ლიტურგიას ესწრებოდნენ სააგენტოს წარმომადგენლები, სოსო ფარულავა და კონსტანტინე ჩრდილელი“, – აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაში.