რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე კელი დეგნანს შეხვდა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე კელი დეგნანს შეხვდა

მთავრობის კანცელარიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს გააცნო რელიგიის სააგენტოს შექმნის ისტორია და როლი, რომელიც მას რელიგიური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ურთიერთობების თვალსაზრისით აკისრია. თავმჯდომარის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას, რომელიც კოლეგიალურ, ტოლერანტულ გარემოში განიხილავს რელიგიებისთვის მნიშვნელოვან პრობლემატიკას.

სააგენტოში იმართება ქონებრივი და საფინანსო კომისიის სხდომები, რომლებზეც რელიგიური ორგანიზაციებისთვის საკულტო ნაგებობების გადაცემის საკითხებს განიხილავენ. გარდა ამისა, შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო, თავისი კეთილი ნებით, აფინანსებს რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში მატერიალური და მორალური ზიანი მიადგათ.

მისი თქმით, საქართველო მულტირელიგიური ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და ეს უნიკალური მაგალითია მსოფლიოსთვის.

„27-ე საუკუნეა, ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში ებრაელები, განსაკუთრებული მოვლენაა ქართული ისლამი – მსოფლიოში არსებული დაპირისპირებების ფონზე, შიიტები და სუნიტები ჩვენთან ერთ მეჩეთში ლოცულობენ“, – აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.

მისი თქმით, რელიგიის სააგენტო აქტიურადაა ჩართული ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმაში.

„ამ ფორმატში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენმა ექსპერტებმა რელიგიური შემწყნარებლობის თვალსაზრისით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სემინარები და ტრენინგები ჩაუტარეს გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე – რელიგიური ორგანიზაციების, სტუდენტობის, მედიის წარმომადგენლებს. 2016 წელს რელიგიის სააგენტომ საფუძველი ჩაუყარა კონფერენციას „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“, რომლის მიზანი იყო აქტუალურ საკითხებზე რელიგიურ ორგანიზაციათა პოზიციების გამოხატვა, მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანამშრომლობის განმტკიცება. წელს მეხუთე კონფერენცია ჩატარდება, რომელიც მიეძღვნება რელიგიური ორგანიზაციების როლს ბავშვის უფლებების დაცვასა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ.

2014 წლიდან შეიქმნა უნიკალური, ინტერრელიგიური კალენდრის პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა რელიგიური თემების დღესასწაულთა თავმოყრას ერთი კალენდრის ფორმატში. 2016 წელს შემუშავდა ინტერრელიგიური კალენდრის ახალი ფორმატი – კალენდარი ბრაილის შრიფტით უსინათლოთათვის“, – განაცხადა რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხემძღვანელმა.

როგორც ვაშაყმაძემ აღნიშნა, ინტერრელიგიური დიალოგის ფორმატში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2016 წელს დაიწყო ახალი პროექტი, „რელიგიური რუკა“, სადაც ასახულია მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობის რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლები.

„გამოვეცით მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკა, რომელზეც დატანილია მოქმედი საკულტო ნაგებობების რაოდენობა – მუნიციპალიტეტების დონეზე და პროცენტული მაჩვენებლები რეგიონების დონეზე, ასევე, საქართველოში არსებული უმრავლესი რელიგიური კონფესიების რიცხობრივი მონაცემები.

2016 წლის 16 ნოემბერს, რელიგიის სააგენტომ დაამკვიდრა ტრადიცია ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საქართველოში არსებული ერთ-ერთი რელიგიური თემი სხვა რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებსა და მრევლს მასპინძლობს. საქართველოს რელიგიურ-კულტურული მრავალფეროვნებაა ასახული ფოტოალბომში – „რელიგიები საქართველოში“, ხოლო ფოტოალბომი „რწმენა თავისუფლების აქტია“ ჩვენი საქმიანობის ფოტომატიანეა. წელს დავბეჭდეთ ნაშრომი „რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით“, სადაც პირველადაა თავმოყრილი რელიგიის სფეროსთან დაკავშირებული ძირითადი ქართული თუ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები რელიგიის თავისუფლების შესახებ. აქტიურად ვთანამშრომლობთ კოლეგა ორგანიზაციებთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის აქტიურ კონტაქტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სრულუფლებიან ელჩთან, სემუელ ბრაუნბეკთან. სააგენტოს საქმიანობა გამჭვირვალეა და აისახება ყოველწლიურ ანგარიშებში – განაცხადა საუბრის დასასრულს ზაზა ვაშაყმაძემ.

აშშ-ის ელჩმა დადებითად შეაფასა სააგენტოს საქმიანობა და ხაზი გაუსვა მის პოზიტიურ როლს ტოლერანტული გარემოს განმტკიცებაში.

ელჩის თქმით, ინტერრელიგიური დიალოგი და ერთ მაგიდასთან მათი თავშეყრა წელს თან რთულია და თანაც ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამგვარი დიალოგი კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

„აშშ ძალიან რელიგიური ქვეყანაა, სადაც რელიგიური ტოლერანტობა უმნიშვნელოვანესია, იმავეს აკეთებს თქვენი ქვეყანა და ამ მხრივ ერთიანი ვართ. ვიზიარებთ იმ პატივისცემას, რაც თქვენს სახელმწიფოს აქვს რელიგიების მიმართ. ეს მიდგომა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, რადგან ეს მეტად მგრძნობიარე საკითხია – თქვა კელი დეგნანმა.

შეხვედრის ბოლოს, ელჩმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს და განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი გაგრძელდება, იმის მიუხედავად, რა შედეგით დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში.