თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, დღეს საჯარო განხილვა გაიმართება, რომელსაც „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები და მიწვეული ექსპერტები დაესწრებიან.
თბილისის მერის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელზეც ქალაქის გრძელვადიანი განვითარება უნდა დაფუძნდეს. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადამ გადაიწიოს.
„შეხვედრა გაიმართება, სადაც მოწვეული არიან ექსპერტები, ასევე განხილვას დაესწრებიან „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები. მერიაში კონკრეტულ სამსახურს აქვს კითხვები აღნიშნულ საკითხზე.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რაზეც უნდა დაფუძნდეს ქალაქის გრძელვადიანი განვითარება, შესაბამისად, ამ დოკუმენტს აქვს დიდი მნიშვნელობა და უნდა იყოს სრულყოფილი და სწორი.
იქნება განხილვები და უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას. 28 მარტს არის ბოლო ვადა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება.
მინდა უფრო მეტი დრო დაეთმოს განხილვას და რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი პროფესორი ჩაერთოს და ნახოს რაზეა ზოგადად საუბარი“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დოკუმენტი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.
„როდესაც დავიწყეთ ამაზე მუშაობა, შევქმენით ექსპერტთა ჯგუფი და მივმართეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩართულიყვნენ ამ განხილვებში, რომ შემდგომ არ ყოფილიყო დემაგოგიური, პოპულისტური განცხადებები, თუმცა მათ ეს არ ისურვეს და ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
საჯარო განხილვა სასტუმრო „ბილტმორში“ 12:00 საათზე დაიწყება.