ირაკლი ზარქუა - განახლებული გენგეგმა დედაქალაქის გამოწვევებს უნდა პასუხობდეს, ჩვენ ამას ხელს არ მოვაწერთ
ირაკლი ზარქუა - განახლებული გენგეგმა დედაქალაქის გამოწვევებს უნდა პასუხობდეს, ჩვენ ამას ხელს არ მოვაწერთ

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქში არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს უნდა პასუხობდეს, – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომელმაც გენგეგმის პროექტზე მომუშავე „სითი ინსტიტუტს“ პროცესში კომპეტენტური ადამიანების ჩართვისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, გენგეგმის პროექტში გარკვეული შენიშვნები და ხარვეზებია, რომელთა გამოსწორება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება მიიღებს დაახლოებით ისეთივე გენგეგმას, რომელიც დღეს მოქმედებს და ზარქუას შეფასებით, საშუალებას აძლევს ყველას ზონალურ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები თავისუფლად მიიღოს.

„სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ჩვენ კი არ ჩავიკეტეთ და მივიღეთ ვიწრო ჯგუფში გადაწყვეტილება, არამედ საჯაროდ გამოვიტანეთ განსახილველად. გუშინ იყო მცდელობა კონსტრუქციულ სტილში გადაგვეტანა ეს საუბარი, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა“, – განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, დღეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი პარლამენტში განიხილება, შემდეგ კი საკრებულოში.

„ჩვენ ამით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას, რომ მზად ვართ ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების, გავითვალისწინოთ. ჩვენ ცალმხრივად არ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ეს იყოს ამის დაფიქსირება“, – განაცხადა ზარქუამ.

მან გენგეგმის მიმართ არსებული შენიშვნები განმარტა და აღნიშნა, რომ შენიშვნები ზონალურ ცვლილებებს, სარეკრეაციო, გამწვანების საკითხებს შეეხება.

„განახლებული გენერალური გეგმით ზონის ცვლილებები არის მოცემული, თუმცა არგუმენტაცია არსად ჩანს, რატომ უნდა შეიცვალოს. საუბარია იმაზეც, რომ კერძო სექტორს, რომელსაც გარკვეული მიწა და ქონება აქვს, უცებ ამ ქონებაზე არის სარეკრეაციო ზონა ან პირიქით, იქ არის კვარტლებს შორის გამწვანება. თავის დროზე ეს კომპანია შეირჩა სწორედ იმიტომ, რომ კონცეფცია იყო მწვანე ქალაქი, ანუ მეტი გამწვანება დედაქალაქში, თუმცა სამწუხაროდ, პროცესის მეექვსე ეტაპზე, რატომღაც ეს საკითხი გაქრა“,  – ამბობს ზარქუა.

მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გენგეგმის პროექტში საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ 2 000 გვერდში ბოლომდე არ არის მიყვანილი საქმე და ვითხოვთ, რომ იქნებ, შე დალოცვილო, შესაბამისი კომპეტენციის ექსპერტები ჩართო, თუ თქვენ არ გაქვთ კომპეტენცია და მივიღოთ სრულყოფილი გენგეგმა“, – განაცხადა ზარქუამ და აღნიშნა, რომ არსებული სახით დოკუმენტს ხელი არ მოეწერება.

„ჩვენი მიზანი არ არის, მივიღოთ ისევ ისეთი გეგმა, როგორიც დღეს გვაქვს. ამაზე ჩვენ არ მოვაწერთ ხელს. განახლებული გენგეგმა უნდა პასუხობდეს იმ გამოწვევებს და სირთულეებს, რომელიც დღეს აქვს დედაქალაქს“, – განაცხადა ზარქუამ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გუშინ გაიმართა, რომელსაც დაპირისპირებაც მოჰყვა. მერიას გეგმის მიმართ შენიშვნები აქვს. ამასთან, დღეს საკრებულოში კომისიების გაერთიანების სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. მისი თქმით, სანამ გენგეგმა არ მიიღება, ის არც ერთ სხდომას არ დაესწრება.