საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის მიერ სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის მიერ სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების გაერთიანებული კომისიების სხდომა, სადაც მიწის ნაკვეთების ზონალური ცვლილებები განიხილებოდა, პროტესტის ნიშნად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დატოვა.

მისი თქმით, სანამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას საბოლოოდ არ მიიღებენ, პროტესტის ნიშნად, არც ერთი კომისიის სხდომას არ დაესწრება.

„მარტივი მიზეზით, სანამ არ იქნება გენერალური გეგმა მიღებული, მანამ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები დედაქალაქში არ უნდა წყვეტდნენ სად, რა კოეფიციენტმა უნდა მოიმატოს, სად უნდა გაუქმდეს რეკრეაციული ზონა.  სადაც დღის წესრიგში ასეთი საკითხები იქნება, სადაც განიხილავენ, მათ შორის ზონალურ ცვლილებებს, მე პროტესტის ნიშნად, არც ერთ კომისიის სხდომას არ დავესწრები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილიმა.

მისი თქმით, დედაქალაქის გენერალური გეგმის მიღება  სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია.

სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა,  ირაკლი ზარქუამ ხაბეიშვილი შოუს მოწყობაში დაადანაშაულა, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ხაბეიშვილის განცხადებას  ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემაც უპასუხა, რომლის თქმითაც, გენგეგმის წარმოდგენილი პროექტი არ არეგულირებს საკითხებს, რასთან დაკავშირებითაც ხაბეიშვილი პროტესტს გამოთქვამს.

„უნდა გქონდეს ინფორმაცია, რომ ჩვენ ზუსტად მაგიტომ არ ვიღებთ ახლა ჯერ გენგეგმას და მიმდინარეობს განხილვები, რომ ეს პროექტი, რომელიც წარმოდგენილია, არ არეგულირებს იმ საკითხებს და არ განმარტავს ნათლად, რასაც ახლა პროტესტს უცხადებ“, – მიმართა სოხაძემ ზარქუას. 

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გუშინ გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე, მერობის ყოფილი კანდიდატები, დარგის სპეციალისტები და ურბანისტები ესწრებოდნენ. თბილისის მერიამ გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები წარადგინა. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ შეიძლება განახლებულად ჩაითვალოს, რადგან მისი შემუშავებისას არ ყოფილა გათვალისწინებული რიგი საკითხები, მათ შორის კერძო საკუთრების ცნება.