კახა კალაძე - ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ აღიქვამს, სად გადის ზღვარი ვიწროპარტიულ ინტერესსა და ქალაქის ინტერესებს შორის
კახა კალაძე - ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ აღიქვამს, სად გადის ზღვარი ვიწროპარტიულ ინტერესსა და ქალაქის ინტერესებს შორის

ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ აღიქვამს, თუ სად გადის ზღვარი ვიწროპარტიულ ინტერესსა და ქალაქის ინტერესებს შორის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სასტუმრო „ბილტმორში“ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვას დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც კალაძემ განმარტა, პოლიტიკოსების, მერობის ყოფილი კანდიდატების მიწვევა საჯარო განხილვაზე მისი გადაწყვეტილება იყო. მათ კი, მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობის ნაცვლად, დებოშის მოწყობა სცადეს.

„პოლიტიკოსების მოწვევა ამ შეხვედრაზე, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რადგან მინდოდა, რომ ეს ადამიანებიც ყოფილიყვნენ ჩართული პროცესში. ისინი იყვნენ ჩემი კონკურენტები წინასაარჩვენო პერიოდში და მინდოდა, მიეღოთ მონაწილეობა ქალაქის მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვაში, თუმცა მათ ამჯობინეს, თავისი ვიწროპარტიული ინტერესები გაეტარებინათ, ჰქონდათ დებოშის მოწყობის მცდელობა“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მათ შეხვედრის ჩაშლა სცადეს, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა განხილვა.

„ჰქონდათ მცდელობა, განხილვა ჩაეშალათ, მაგრამ არ მივეცით ამის შესაძლებლობა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა გუშინდელი შეხვედრა, სადაც იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები, ურბანისტები, არქიტექტორები, ადამიანები, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება აქვთ თავიანთ საქმიანობაში. რადგან ამ დოკუმენტის არსებობას ვანიჭებთ უდიდეს მნიშვნელობას და მიწათსარგებლობის გეგმა უნდა დაეფუძნოს ქალაქის გრძელვადიან განვითარებას, გვინდოდა ამ ადამიანებს დაეფიქსირებინათ თავიანი მოსაზრებები და შენიშვნები, თუნდაც მერიის ან „სითი ინსტიტუტის“ მიმართ, თუმცა არ მისცეს ამის შესაძლებლობა, რადგან პოლიტიკოსებმა შეხვედრის მთლიანად პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სცადეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვას შეხვედრის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შეხვედრაზე თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით მერიამ შენიშვნები წარადგინა.