თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე მისცემს ჩვენებას
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე მისცემს ჩვენებას

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ადმინისტრაციული პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო დღეს ჩაბუქის მეუღლის ჩვენებას მოისმენს.

ადვოკატების მოთხოვნა უცვლელია – ბათილად იქნას ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გასული წლის მაისში დააკავეს.

დაკავების მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა.

მოგვიანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაკავებულის ოჯახმა და ადვოკატმა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართეს, თუმცა სამინისტროსგან უარი მიიღეს.

ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.