თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა 27 მაისს გაგრძელდება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა 27 მაისს გაგრძელდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ ბრალდებულების საბოლოო სიტყვები უნდა მოისმინოს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვის თქმა დაასრულა.

პროკურორის, თორნიკე ნადირაძის თქმით, ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ისეთი აბსურდული დასკვნითი სიტყვა წარადგინა, რომ ბრალდების მხარე ფიქრობდა, რეპლიკის სახით ეპასუხა თუ არა.

„დაცვის მხარემ ტრადიციას არ უღალატა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებითა და არასწორი ინტერპრეტაციებით შეეცადა ბრალდების მხარის პოზიციის გაბათილებას, თუმცა იმდენად აბსურდულია და უსუსურია ეს მცდელობა, რომ მცდელობად დარჩება“, – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, გ.ბ.- ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, ორი პროცესი დასჭირდა იმისთვის, რომ ბრალდების მხარის ყველა დაუსაბუთებელი არგუმენტი სათანადოდ გაებათილებინა.

„ყველა მოწმის ჩვენებასა და ყველა მტკიცებულებას დასკვნით სიტყვაში სათანადო პასუხი გაეცა, ახლა ჯერი სასამართლოზეა და ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულებისთვის იქნება ტესტი. ერთადერთი, თუ რაიმე შეიძლება იქნას გამოტანილი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ძალაში დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ მოწმე მ.კ.-ს არასანდობააც დავადასტურეთ“, – აღნიშნა ადვოკატმა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 27 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.