ადვოკატი - ყველა საფუძველი არსებობს, რომ სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებაზე უარი თქვას  
ადვოკატი - ყველა საფუძველი არსებობს, რომ სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებაზე უარი თქვას  

თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის საკითხს განიხილავენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჩაბუქის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ აღნიშნა, ყველა საფუძველი არსებობს იმისა, რომ სასამართლომ საქართველოს მთავარ პროკურატურას ექსტრადირების პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით უარი უთხრას.

ადვოკატის განმარტებით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულბებს გამოიკვლევენ.

“უპირველესად, მინდა ხაზი გავუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორც ოფიციალურ, ისე კერძო სექტორის მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომელიც ადასტურებს, თუ რა სიტუაციაა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით, რომ ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. ყველა საფუძველი არსებობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრას საქართველოს მთავარ პროკურატურას ექსტრადირების პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კვიჟინაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ექსტრადირების წინააღმდეგია საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე, მუსტაფა ემრე ჩაბუქს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი 2017 წლის 24 მაისს საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად იმ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირში. გიულენს კი თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ამ დრომდე წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. თურქეთის რესპუბლიკაში მისი ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმართება.