საუდის არაბეთის მოქალაქე ქალს, რომელიც ოჯახს გაექცა, გაერო-მ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა
საუდის არაბეთის მოქალაქე ქალს, რომელიც ოჯახს გაექცა, გაერო-მ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა

საუდის არაბეთის მოქალაქე ქალს, რომელიც ოჯახს გაექცა და ბანგკოკის აეროპორტში მდებარე სასტუმროს დატოვებაზე უარს აცხადებს, გაერო-მ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავსტრალიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტაილანდის საიმიგრაციო სამსახური ქალის ქუვეითში დეპორტაციას აპირებდა, სადაც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

18 წლის რაჰაფ მუჰამედ ალ-ქუნუნმა 7 იანვარს ბანგკოკიდან გამგზავრებაზე უარი განაცხადა და აეროპორტის სასტუმროს ნომერში ჩაიკეტა. ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები მას მოკლავენ ისლამის უარყოფის გამო. ტაილანდში ჩავიდნენ ქალის მამა და ძმა, თუმცა ალ-ქუნუნი მათთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.

საუდის არაბეთში ისლამის უარყოფა სიკვდილით ისჯება.

BBC-ის ცნობით, გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტომ საუდელი ქალის საქმე განსახილველად ავსტრალიას გადასცა. ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ქვეყანა აღნიშნულ საკითხს ჩვეულებრივი პროცედურების შესაბამისად განიხილავს.