თბილისის სააპელაციო სასამართლო სერგო თეთრაძის წამების საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს ხვალ გამოაცხადებს
თბილისის სააპელაციო სასამართლო სერგო თეთრაძის წამების საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს ხვალ გამოაცხადებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო სერგო თეთრაძის წამების საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს ხვალ, 14 ნოემბერს, 11:00 საათზე გამოაცხადებს. ბაჩო ახალაია სავარაუდოდ გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრება, რადგან ადვოკატის თქმით, საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს.

სააპელაციო სასამართლოში მხარეებმა დღეს დასკვნითი სიტყვა თქვეს. ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც, პროკურორების თქმით, დასტურდება, რომ ბაჩო ახალაია იყო დანაშაულის ორგანიზატორი და ასევე, ითხოვს, ახალაია სერგეი ჩაპლიგინთან მიმართებაშიც გამტყუნდეს, რაშიც საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ბაჩო ახალაიას ადვოკატის შეფასებით, ვერცერთი მოწმე ვერ ადასტურებს, რომ ახალაიას მიერ რაიმე დანაშაულებრივი ბრძანება იყო გაცემული და ის ამ პირთა წამების ორგანიზებას ახდენდა და მათგან აღიარებით ჩვენებებს მოიპოვებდა.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარე ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, სადაც სერგეი ჩაპლიგინთან მიმართებით ახალაიას ბრალდება მოეხსნა, ხოლო სერგო თეთრაძის, გია გორელაშვილისა და დავით ლონდარიძის ნაწილში, გამტყუნდა. ასევე, ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს სასჯელის ნაწილსაც. დაცვის მხარე პირველი ინსტანციის გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებს.

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასა და მის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ძიმცეიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მიმდინარე წლის აპრილში გამოუტანა. ბაჩო ახალაიას რამდენიმე მუხლი ქონდა წარდგენილი, მათ შორის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, დავით ლონდარიძის და გია გორელაშვილის წამების, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურეობრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, ხოლო საქმეზე მსაჯავრდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილს ბრალდების მხარე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, გია გორელაშვილი, სერგეი ჩაპლიგინი და დავით ლონდარიძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წელს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ ისინი გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. საპატიმროში გადაყვანიდან ოთხ დღეში პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გარდაიცვალა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მისი წამების მოტივი მისგან სასურველი ჩვენების მიცემა იყო.