თამთა მიქელაძე - პროკურატურის მხრიდან ჩაბუქთან დაკავშირებული შუამდგომლობა პოლიტიკური ნაბიჯი იყო
თამთა მიქელაძე - პროკურატურის მხრიდან ჩაბუქთან დაკავშირებული შუამდგომლობა პოლიტიკური ნაბიჯი იყო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის ,თამთა მიქელაძის შეფასებით, დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის წინასაექსტრადიციო პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება სასამართლო სისტემისთვის აბსოლუტური სიურპრიზი იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა, გადაწყვეტილება ემოციურად ნამდვილად პოზიტიურია მიაჩნია, თუმცა ჩაბუქის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები ძლიერი არ იყო.

“პროკურატურის მიერ დღეს დაყენებული შუამდგომლობა სამართლებრივად საკმაოდ პრობლემურია. ოთხი დღის ვადაში ჩაბუქს ისედაც გასდიოდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი და ისედაც გათავისუფლდებოდა. შესაბამისად, ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება მეტწილად პოლიტიკური ნაბიჯი იყო პროკურატურის მხრიდან, რომ ხელისუფლებაზე არსებული აბსოლუტურად სამართლიანი ზეწოლა შეესუსტებინა და აეცილებინა თავიდან“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისი განმარტებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩაბუქის ექსტრადირების საკითხის არსებით გადაწყვეტაზე გავლენას ვერ მოახდენს და განხილვა საერთო სასამართლოებში გაგრძელდება.

“პროკურატურის მიერ წარმოდგენილი დასაბუთება, რომ 9 თვეში გადიოდა პატიმრობის ვადა, რომელიც 4 დღეში იწურება და რომ არსებობს მისი მიმალვის, გაქცევის, ან მტკიცებულებების განადგურების რიკი და ამიტომ სურდათ კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით გირაოს გამოყენება, აბსურდული დასაბუთება იყო. ერთის მხრივ, ის პატიმრობის შეცვლას მოითხოვდა, თუმცა ამბობდა, რომ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები კვლავ არსებობს“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისი თქმით, ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხია და დღეს ეს გადაწყვეტილებაც იყო აბსოლუტური სიურპრიზი სასამართლო სისტემისთვის.

მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა დღეს 1000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა. გირაოს შეფარდებაზე შუამდგომლობა პროცესზე პროკურატურამ დააყენა.