„თავისუფალი დემოკრატები“ - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავისუფალი შემოქმედების, ხელოვნებისა და ლიტერატურის წინააღმდეგ სადამსჯელო რეპრესიებს აპირებს
შემოქმედებით ნაწარმოებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარდგენილია კანონპროექტი, მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოში აპირებს იდეოლოგიურ, საკანონმდებლო და სადამსჯელო რეპრესიებს თავისუფალი შემოქმედების, ხელოვნებისა და ლიტერატურის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აღნიშნულია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში.
როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაშია აღნიშნული, ინიციატივის მიხედვით, სასამართლოს პრეროგატივა გახდება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვათა უფლებებს ლახავს.
„უმრავლესობის წევრების მიერ ამ კანონპროექტის შექმნა და პარლამენტში წარდგენა მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოში აპირებს იდეოლოგიურ, საკანონმდებლო და სადამსჯელო რეპრესიებს თავისუფალი შემოქმედების, ხელოვნებისა და ლიტერატურის წინააღმდეგ.
ამ კანონპროექტის მხოლოდ გაჩენაც კი ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება” არა მარტო ოცნებობს, როგორმე შეზღუდოს და გააკონტროლოს ყველა სფერო, რომელშიც ადამიანის თავისუფლება ვითარდება და გამოიხატება, არამედ უკვე გეგმავს კონკრეტულ საკანონმდებლო ნაბიჯებს, რათა მოიპოვოს ფორმალური უფლება, თავისი სურვილისამებრ შეიჭრას შემოქმედებაში, დაიპყროს და დაიმორჩილოს როგორც ცეკვა, ასევე პოეზია, როგორც გამოხატვის უფლება, ასევე შემოქმედებითი თავისუფლება. ამ კანონპროექტში დაუფარავად გამოჩნდა, როგორ ცდილობს ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება შეზღუდოს, დააკნინოს ადამიანის უფლება, იყოს საერო და სასულიერო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, მათდამი სურვილისამებრ კრიტიკული შემოქმედების ავტორი.
აღნიშნული კანონპროექტი უშუალოდ ემუქრება საქართველოს მომავალს, ემუქრება თავისუფალი ადამიანის მომავალს საქართველოში. იმის მიუხედავად, რომ ღრმად ვართ დარწმუნებული, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მსგავსი კანონი არ იმუშავებს, მივმართავთ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ კანონპროექტის განხილვაზეც კი, რადგან ეს იქნება სამარცხვინო აქტი, რომელიც დააზიანებს საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება. შესაბამისი ცვლილებები „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შედის, რომლის ავტორები უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი არიან.