„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დევი ტაბიძე ამავე პარტიიდან რამდენიმე ლიდერის წასვლის მიზეზებზე განმარტებას აკეთებს
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დევი ტაბიძე ამავე პარტიიდან რამდენიმე ლიდერის წასვლის მიზეზებზე განმარტებას აკეთებს

რესპუბილკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დევი ტაბიძე ამავე პარტიიდან რამდენიმე ლიდერის წასვლის მიზეზებზე განმარტებას აკეთებს.

ტაბიძის განცხადებით, შალვა შავგულიძის მხრიდან წასვლის მიზეზად იმის დასახელება, რომ ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას დაესწრო, უსუსური არგუმენტია.

დევი ტაბიძის განმარტებით, აღნიშნულ ღონისძიებაზე მის გარდა კიდევ არაერთი ექიმი იყო მიწვეული, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

„რაღაც გაურკვევლობის გამო გამოითქვა ასეთი მოსაზრება, რომ მე ვარ ერთ-ერთი ის პიროვნება, ვის გამოც ბატონი შალვა შავგულიძე და მისი გუნდი განაწყენდა. იცით, რომ ბატონი შალვა პარტიის თავმჯდომარე იყო, მან და მისმა გუნდმა პარტია დატოვეს. ამის მიზეზად მან მოიყვანა უსუსური არგუმენტი, რომ თურმე მე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას დავესწარი, ძალიან აღფრთოვანებული ვურავდი მათ ტაშს და მათი მხარდამჭერი ვიყავი.

ძვირფასო მეგობრებო, მივმართავ ყველას, ეს არის არასერიოზული განცხადება. მე განვმარტე, რომ ვარ ექიმი, 33 წლის სტაჟით, მონაწილეობა მაქვს მიღებული ძალიან ბევრ ომში, რა ქარტეხილებიც გაიარა საქართველომ, 2008 წლის ომის ჩათვლით. მაშინ გახლდით ჯანდაცვის სამინისტროში სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელი და ჩემთვის პირველი ამოცანა არის ადამიანის ჯანმრთელობა. ჩვენ, ექიმები ვალდებული ვართ, ყველას გავუწიოთ დახმარება.

ამ შეხვედრაზე მიწვეული იყო 11 ექიმი, ადამიანები, რომლებიც დღეს ხილულ თუ უხილავ ვირუსს ვებრძვით. შეიძლება ითქვას, რომ ამ ექიმების ასეთმა მუშაობამ გამოიწვია, რომ დღეს ჩვენ ყველაზე ნაკლები ინფიცირებული, ნაკლები გარდაცვლილი და გამოჯანმრთელების საკმარისად მაღალი რაოდენობა გვყავს. მე ვარ ექიმი ამავე დროს, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი და მე სხვანაირად არ ძალმიძს. არ მინდა, ეს განცხადებასავით გაკეთდეს, მაგრამ ამის უარყოფაც არ გამოვა. ამ მომენტში იყო მაჟორიტარობის წარდგენა.  ჩვენ მადლობას გვეუბნებიან და როგორ გგონიათ, გვქონდა მორალური ან თუნდაც ადამიანური უფლება, ავმდგარიყავით და წამოვსულიყავით შეხვედრიდან? იქ ვიყავით, სანამ შეხვედრა არ დასრულდა.

ტაშის კვრას რაც შეეხება, არ ვიცი, ეს სად დაინახეს და რამ გააღიზიანათ. კიდევ იქნება ექიმებთან შეხვედრა ამ მოტივით და მე ამ შეხვედრსაც დავესწრები. დაგვიძახებენ ექიმებს და მე ისევ მივალ. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო შეხვედრა, მან, პირველ რიგში, ექიმებს, ეპიდემიოლოგებს, ინფექციონისტებს გადაგვიხადა მადლობა. მინდა, მივმართო ჩვენს ყოფილ თანაპარტიელებს, რომ ეს არგუმენტი აბსოლუტურად უსუსურია და არ ვეთანხმები“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

ის ასევე, გამოეხმაურა შალვა შავგულიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პარტიის წევრები ერთხმად უჭერდნენ მხარს „ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკის შექმნას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას. დევი ტაბიძის განცხადებით, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა.

„ჩვენ არაფერზე არ შევთანხმებულვართ. სწორედ ეს იყო განხეთქილების მიზეზი, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, არანაირ სიებსა და გადანაწილებაზე არ შევთანხმებულვართ. ჩვენი თანხმობა იყო, რომ ვყოფილიყავით ერთ ბლოკში და არა – იმ განაწილებაზე, რომ შემდგომში კვოტა იქნებოდა“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიაში იქნებიან.