ვახტანგ მჭედლიძე - ეს არის ოპოზიციის ერთიანობა? სირცხვილია, უამრავი ლელო მაქვს დადებული ცხოვრებაში და გუნდური შეთანხმება არასოდეს დამირღვევია
ვახტანგ მჭედლიძე - ეს არის ოპოზიციის ერთიანობა? სირცხვილია, უამრავი ლელო მაქვს დადებული ცხოვრებაში და გუნდური შეთანხმება არასოდეს დამირღვევია

ეს არის ოპოზიციის ერთიანობა? ეს არის გუნდურობა? სირცხვილია, მეგობრებო! მე უამრავი ლელო მაქვს დადებული ცხოვრებაში და გუნდური შეთანხმება არასოდეს დამირღვევია მოედანზე! – განაცხადა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მჭედლიძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ვახტანგ მჭედლიძემ წარადგინა ფოტომასალა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ აზიანებენ სხვა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო/სააგიტაციო მასალას.

პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა იმ დარღვევებზე და პოლიტიკური თამაშის ცივილურ წესებზე, რომლებზეც პოლიტიკურ პარტიებს თავიდანვე ჰქონდათ შეთანხმება. მათ შორის, ხაზი გაესვა დოკუმენტს – პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი ყველა პოლიტიკური პარტიას, მათ შორის სახელისუფლო პარტიას.

„მინდა, გამოვეხმაურო საარჩევნო კამპანიას და იმ დარღვევებს, რომელიც ხორციელდება „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ. მსუბუქად რომ ვთქვათ, უხერხულია, სირცხვილია და კანონდარღვევაა ჩვენი საარჩევნო/სააგიტაციო მასალის დაზიანება და მათზე საკუთარი პლაკატების გადაკვრა.

როგორც ჩანს, მთელი საქართველოს მასშტაბით „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიციები იმდენად გამყარდა, რომ უკვე ამგვარი მეთოდებით გვებრძვის თავად ოპოზიცია. ეს არის ოპოზიციის ერთიანობა? ეს არის გუნდურობა? იმის ნაცვლად, რომ ერთიანი ძალებით ოპოზიციამ შევძლოთ სასურველი შედეგის დადება ამ არჩევნებზე, თავად ოპოზიცია ანადგურებს ჩვენს სააგიტაციო მასალებს. „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ტრიბუნასა“ და „ლელოს“ აქტივისტები ასე მუშაობენ! სირცხვილია, მეგობრებო! მე უამრავი ლელო მაქვს დადებული ცხოვრებაში და გუნდური შეთანხმება არასოდეს დამირღვევია მოედანზე!

„თავისუფალი დემოკრატები“ არ არის თქვენსავით მდიდარი პარტია, ჩვენ მინიმალური რესურსით ვახერხებთ, ვაწარმოოთ კამპანია. მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, ვიყოთ ჩვენი საერთო შეთანხმების ერთგულნი!“ – განაცხადა ვახტანგ მჭედლიძემ.