ირაკლი ქადაგიშვილი – არ ვაპირებთ, რომ საქართველო დამცირებული ქვეყანა იყოს, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და შესაბამის დამოკიდებულებას ვითხოვთ

15:26, 16.11.2026

ევროპას დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აზიასთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან სახმელეთო კავშირის განხორციელება შეუძლია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით, მაგრამ პოლიტიკური გაბუტულობის გადალახვა უჭირთ, როდესაც სამიტია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილიმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო გადამწყვეტი ქვეყანაა დაკავშირებადობის კუთხით.

„ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში, ევროკავშირმა განაცხადა, რომ თავად ევროპას აქვს გაცხადებული, რომ საქართველოსთან პოლიტიკურ დიალოგს წყვეტს. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მათთვის მიუღებელია, როდესაც საქართველო გამჭვირვალობას ითხოვს ევროპული დაფინანსების კუთხით.შემდეგ ჩვენ მათი დამოკიდებულება ვნახეთ ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ისინი პოლიტიკური გაბუტვის პოზაში არიან. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ნორმალური დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ მათ აშენებული ბარიერის გადალახვა უჭირთ საქართველოსთან მიმართებაში. ფაქტია, რომ ევროპას დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აზიასთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან სახმელეთო კავშირის განხორციელება შეუძლია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით, მაგრამ აქაც სწორედ პოლიტიკური გაბუტულობის გადალახვა უჭირთ, როდესაც სამიტია. ამ სამიტზე ან საგარეო საქმეთა მინისტრები არიან მიწვეული, ან ქვეყნის ხელმძღვანელები და საქართველოს ეუბნებიან, რომ თქვენ ელჩის დონეზე უნდა მიიღოთ მონაწილეობაო. არადა, საქართველო გადამწყვეტი ქვეყანაა დაკავშირებადობის კუთხით. საქართველოს ინფრასტრუქტურა ამ მიმართულებით ყველაზე უფრო დინამიურად განვითარებადი ინფრასტრუქტურაა.

მათი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათ პოლიტიკური გაბუტულობის გადალახვა უჭირთ. არ ვაპირებთ, რომ საქართველო დამცირებული ქვეყანა იყოს. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და შესაბამის დამოკიდებულებას ვითხოვთ. ისტორია არ უნდა დავივიწყოთ – საქართველოს რუსეთის მხრიდან დიდი ზეწოლა და აგრესია მოჰყვა, როდესაც ჩვენ სწორედ საქართველოზე გავატარეთ ალტერნატიული ენერგეტიკული მარშრუტები ევროპისთვის კასპიის ენერგორესურსების მისაწოდებლად. ამის გამო გარკვეული პოლიტიკური წნეხი გამოვიარეთ“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, ევროპელებმა „მარცხი განიცადეს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევის კუთხით და ამ მარცხის გადახარშვა უჭირთ საქართველოსთან მიმართებაში“.

„დღეს მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებს ჩამოსვლა არ უნდათ, რადგან ჩვენ არ ვიწვევთო. აი, ამ ლოგიკაში არიან ჩაკარგულები. მოუსმინეთ იმ სიტყვებს, რასაც ევროკომისარი ამბობს. ე.ი. არც გვიწვევენ და რატომ არ ჩამოდიხართო? – თუ არ მიგვიწვევენ, არ ჩავალთ. რა თქმა უნდა, გეოგრაფია და გეოპოლიტიკური აუცილებლობა უცვლელი დარჩება. ევროჩინოვნიკების დამოკიდებულება კი ადრე თუ გვიან შეიცვლება. საქართველო ამ დაკავშირებადობის რგოლში არ იქნება ვიღაცის მეორე და მესამე ხარისხოვანი პარტნიორი, რისკენაც გვიბიძგებენ, როდესაც შესაბამის დონეზე არ გვპატიჟებენ. საქართველო იქნება თანასწორუფლებიანი პარტნიორი და ამის აღიარებაც არ სურთ, როგორც ჩანს.

მათი გაბუტვა კონტრპროდუქტიული პოლიტიკაა. ეს დამაზიანებელია ევროკავშირის პრესტიჟისათვის შიგნითაც და საქართველოშიც. მათ მარცხი განიცადეს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევის კუთხით და ამ მარცხის გადახარშვა უჭირთ საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო თავის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და სატრანსპორტო შესაძლებლობებს ევროკავშირისგან დამოუკიდებლად ანვითარებს და ახორციელებს. ჩვენ ეს ყოველ ჯერზე გაკეთებული გვაქვს მათი პირდაპირი დახმარების გარეშე. ამიტომ, საქართველოს განვითარებას ჩვენივე ძალებით და იმ ქვეყნებთან პარტნიორობით, რომლებსაც ამის გამოხატვის სურვილი აქვს, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს შესაბამის დონეზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებს.

მსგავსი