„თავისუფალმა დემოკრატებმა“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვიტალი დარასელია წარადგინა
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვიტალი დარასელია წარადგინა

პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვიტალი დარასელია წარადგინა.

როგორც ვიტალი დარასელიამ განაცხადა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა მისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა და გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტში ხალხის ინტერესებს დაიცავს.

„მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს, ახლა ჩემს უბანში ვარ, იმ ადგილას, სადაც გავიზარდე, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა თქვენგანს ვიცნობ, ჩემი მეგობრები ხართ, ძალიან ვნერვიულობ სწორედ იმიტომ, რომ დღეს, თქვენს წინაშე, ჩემი მეგობრებისა და უბნელების წინაშე ვიღებ პასუხისმგებლობას, დავრჩე კვლავ იმ ადამიანად, რომელიც იქნება არა პირადი მიზნებისთვის მებრძოლი პოლიტიკოსი, არამედ ისევ ის თქვენი მეგობარი და თქვენი ინტერესების გამტარებელი ვიტალი დარასელია, ოღონდ ამჯერად პარლამენტში და უფრო დიდი შესაძლებლობებით.

ყოველთვის თავს ვიკავებდი პოლიტიკაში აქტიური ჩარევისგან, რადგან ეს სივრცე ჩემთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო, მისი მანკიერი თვისებების გამო. დარწმუნებული ვარ, თქვენც დაიღალეთ ერთი და იმავე მოჯადოებულ წრეში ტრიალით, როგორც მე, ადამიანების ყურებით, რომლებიც 30 წელია, ვერაფერს ცვლიან, ვერაფერს ახალს ვერ გვთავაზობენ, მუდამ გვატყუებენ და არჩევნებიდან არჩევნებამდე უიმედობის განცდას თესავენ, თუმცა დღეს სხვა რეალობის წინაშე ვართ, დღევანდელი რეალობა, პროპორციული არჩევნები და ის გუნდი, რომელსაც მე შევუერთდი, გვაძლევს საშუალებას, ეს მოჯადოვებული წრე გავარღვიოთ. ასევე, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში ჩავერთე არის ის, რომ ვყოფილიყავი ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ჩემი წარმომავლობიდან გამომდინარე.

გუნდი, რომელსაც შევუერთდი – „თავისუფალი დემოკრატები“, სავსეა ახალგაზრდებით, ახალი სახეებით, სავსეა ახალი ენერგიითა და ახალი იდეებით. „ახალი“ ჩვენი გუნდის ნიშაა, რომელსაც აქვს მკვეთრად დასავლური, ევროპული კურსი და უდიდესი პერსპექტივები. არ დავიწყებ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკს, ეს არაა ჩემი საქმე, ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია პოლიტიკაში, თუმცა ერთს კი ნამდვილად გეტყვით, მე ვარ ვიტალი დარასელია, ვატარებ სახელს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის ბევრჯერ მიუცია სიამაყის საფუძველი და ჩემთვის ორმაგი პასუხსიმგებლობაა, რომ ეს სახელი არ შევარცხვინო და ამ სახელს ჩრდილი არ მივაყენო. ეს სახელი და ჩემი პიროვნული ღირსებები მიიღეთ როგორც გარანტია, რომ თქვენს ერთგულებას არასდროს ვუღალატებ, ამიტომ გეტყვით ასე, მე ვიტალი დარასელია მოგიწოდებთ თქვენ, ყველას, ენდეთ ამ გუნდს, ენდეთ „თავისუფალ დემოკრატებს“ და მენდეთ მე. შემოხაზეთ 31 ოქტომბერს 25 ნომერი, მიეცით პასი დარასელიას და ღმერთია მოწმე, დარასელია გოლს გაიტანს“, – განაცხადა ვიტალი დარასელიამ.

საბურთალოს ოლქში ვიტალი დარასელიას კანდიდატურა ამომრჩეველს „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ვახტანგ მჭედლიძემ პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად წარუდგინა.