თამთა თოდაძის დედა აცხადებს, რომ მასთან შუამავალი მივიდა და ილია ჯიშკარიანის სახელით მორიგება შესთავაზა
ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოში საკრებულოს დეპუტატ, ილია ჯიშკარიანის თანაშემწის, თამთა თოდაძის დედის გამოკითხვა დასრულდა. თოდაძე ჯიშკარიანს ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც ხათუნა ოქროპირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევიდან მეორე დღეს მასთან შუამავალი მივიდა და ილია ჯიშკარიანის სახელით მორიგება შესთავაზა.
როგორც ოქროპირიძე ამბობს, შუამავალი მასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ილია ჯიშკარიანი გავლენიანი ადამიანია და მასთან დავით ვერაფერს გახდებოდნენ.
„მოვიდა ჩემი მეზობელი, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ. ის არის ჯიშკარიანის მეგობარი, თვითონ ჯიშკარიანიც ჩვენი მეზობელია. მან მითხრა, ასეთი ამბავი გავიგე და მართალიაო? კი მეთქი მამუკა, ასე არის-თქო. მე ჯერ არ მინახავს ილიაო, მაგრამ მივხვდი, ეს ისეთი კითხვა იყო, რომ ნანახი ყავდა, რადგან თქვა – ილია ამბობს, რომ თავად (თამთამ) დაამტვრია პრინტერი და რაც გატყდაო. მე ვუთხარი, ეს არის გამორიცხული და ასეთი ფაქტის მოგონება არის სისულელე-თქო. ვუთხარი, შენც ხომ ორი შვილი გყავს და ასეთი რამ რომ დაემართოს, როგორ მოგეწონება მეთქი? ხელები ამიწევიaო და წავიდა, ხვალ მოვალ დილითო. ამოვიდა მეორე დილით და ასე მითხრა, ეგ გავლენიანიაო, მაგასთან ვერაფერს გავხდები და იქნებ მოვრიგებულიყავითო. მამუკა ფეიქრიშვილი იყო, ვინც მოვიდა ამ წინადადებებით. არანაირი შემოთავაზება, მაგრამ მორიგება ნიშნავს გაჩუმებას. მე რომ მოვედი ადრე, ვუთხარი გამომძიებელს და ახლა დამატებით მივეცი ჩვენება. არ გამოკითხულა ჯერ მამუკა ფეიქრიშვილი, მაგრამ დაიბარებენ, როგორც მითხრეს. ფეიქრიშვილთან კომუნიკაცია შედგა შემთხვევიდან მეორე დღეს“,- განაცხადა ხათუნა ოქროპირიძემ.
მისივე თქმით, როგორც საგამოძიებო უწყებაში უთხრეს, უკვე ამოღებული და შესწავლილია შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული კამერების ჩანაწერები.
„კამერები ამოღებულიაო, როგორც მითხრეს, მაგრამ პროკურატურა თავს იკავებსო, თან ელოდება რაღაცებსო. ჯიშკარიანზე როგორც მითხრეს, გამოკითხულიაო, არ აღიარებსო, ამბობს, რომ დაწინაურებას ითხოვდაო. დაწინაურება როგორ უნდა მოეთხოვა, როცა ერთი დეპუტატი იყო და დეპუტატი ხომ ვერ გახდებოდა?! რანაირად უნდა დაწინაურებულიყო?!“,- აცხადებს თამთა თოდაძის დედა.
საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.