პროკურატურა სახალხო დამცველის აპარატისთვის ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული საქმის მასალების გაცნობაზე უარის მიზეზებს განმარტავს
პროკურატურა სახალხო დამცველის აპარატისთვის ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული საქმის მასალების გაცნობაზე უარის მიზეზებს განმარტავს

საქართველოს გენერალური პროკურატურა საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესახებ, სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ვინაიდან  სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, კანონის შესაბამისად, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი  საქართველოს პროკურატურაში 2019 წლის 11 ოქტომბერს შემოსული მომართვით, საგამონაკლისო  წესით ითხოვდა  ქ. თბილისის საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობას. სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად,  საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას  გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ იმ  საქმეებს, რომლებზეც  მიღებული გადაწყვეტილებები  კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, რადგან კანონმდებლობა სახალხო დამცველის მიმართ რაიმე საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს,  მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით აცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას. ამასთან, საქართველოს პროკურატურა  კვლავ  მზადყოფნას გამოთქვამს, კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის  საქმიანობის განხორციელების   ხელშეწყობა.  სახალხო დამცველის აპარატს,  განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში,  დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე,  შესაძლებლობა აქვს პროკურატურაში გაეცნოს  იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს”,- ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურატურას მოუწოდასაგამონაკლისო წესით დაეშვათ სახალხო დამცველის აპარატისთვის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალებზე წვდომა. საუბარია საქმეზე, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანია ბრალდებული.

სახალხო დამცველი აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში ნინო ლომჯარია საქმეში დაზარალებულად ცნობილ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა. უშუალოდ დაზარალებულისგან და ადვოკატისგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები.

ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. ამასთან,  პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

დატოვე კომენტარი