საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და აკრძალვები დაუწესა
საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და აკრძალვები დაუწესა

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარი გირაო შეუფარდა.

ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა „ნიუს ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით წარსდგა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა. პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.

როგორც პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბრალდებულს მოსამართლემ დაზარალებულთან მიახლოება და მოწმეებთან კომუნიკაცია აუკრძალა.

„მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ილია ჯიშკარიანის მიმართ გამოიყენა 10 000-ლარიანი გირაო, თუმცა დამატებით ვალდებულებად მას აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და სპეციალური ნებართვის გარეშე. ბრალდებულს აეკრძალა ასევე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეაფასა და მიიჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა გირაოს გამოყენების შემთხვევაში იმ დამატებით ვალდებულებებთან ერთად, რომელიც ბრალდების მხარემ მოითხოვა. თუ ილია ჯიშკარიანის მხრიდან დაირღვევა რომელიმე მოთხოვნა, რომელიც მას დაეკისრა, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე მიმართავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაზე“, – განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

საქმეში დაზარალებულად ცნობილი თამთა თოდაძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ საკრებულოს დეპუტატისთვის შეფარდებული გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიებებს.

„სრულიად გაუგებარია, მაშინ როდესაც პროკურატურა აღნიშნავს რომ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რატომ არ ითხოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას და ითხოვს გირაოს. სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მივიღე, რატომ არის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მათ მიერ გაჟღერებული პოზიცია და მოთხოვნა. აბსურდულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც სპეციალური ნებართვის გარეშე მოწმეებთან კომუნიკაცია აკრძალული აქვთ, ერთ სამსახურში დასაქმებულებისთვის რამდენჯერ უნდა გასცეს პროკურატურამ ნებართვა და ჩვენ როგორ უნდა ვაკონტროლოთ. ეს აღკვეთი ღონისძიება არ იქნება შემაკავებელი და სწორედ ამიტომ ვითხოვდით პატიმრობის გამოყენებას“, – განაცხადა თამთა თოდაძს ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, შეუძლებელია იმის კონტროლი, თუ როდის შეხვდება ჯიშკარიანი თავის თანამაშრომლებს და მეზობლებს.

„რაც შეეხება ჯიშკარიანის მდგომარეობას, მე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მთელი პროცესის განმავლობაში იდგა ფეხზე და თუ ის არის ცუდად და არ შეუძლია გადაადგილება, როგორ შეძლო ერთი საათის განმავლობაში ფეხზე დგომა და ასე მოსმენა სასამართლოსი“, – განაცხადა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 10 ოქტომბერს მიმართა. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. ფაქტზე პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.