თამთა თოდაძე - ჩემი სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება
თამთა თოდაძე - ჩემი სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება, – ამის შესახებ თამთა თოდაძემ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

საკრებულოს თანამშრომელი, რომელიც ისნის მაჟორიტარს, ილია ჯიშკარიანს ძალადობაში ადანაშაულებს, საგამოძიებო უწყებაში იმ დადგენილების გასაცნობად მივიდა, რომლის მიხედვით, ის დაზარალებულად ცნეს.

თამთა თოდაძის თქმით, პროკურატურას დიდი მოცულობის საგამოძიებო მოქმედებები აქვს ჩატარებული.

„გავეცანი საქმის მასალებს, ნამდვილად ვიტყვი, რომ პროკურატურის მხრიდან ჩატარებულია დიდი მოცულობის საგამოძიებო მოქმედებები. იმასაც ვიტყვი, რომ ძირითადი ნაწილი საგამოძიებო მოქმედებებისა მას შემდეგ არის ჩატარებული, რაც ეს ამბავი გაშუქდა. სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მოვაწერე გაუთქმელობის აქტს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება“, – განაცხადა თამთა თოდაძემ.

როგორც თამთა თოდაძემ აღნიშნა, ის ილია ჯიშკარიანისთვის ​დეპუტატის მანდატის შეჩერებას და პატიმრობას მოითხოვს.

„ჩემი მთავარი მოთხოვნაა პატიმრობა, ასევე შეუწყდეს დეპუტატის მანდატი, იმიტომ, რომ როდესაც დიდი ძალაუფლებაა, დიდია მოწმეებზე გავლენის მოხდენის შანსიც. კონკრეტულ ფაქტს ვერ ვიტყვი, მაგრამ როცა ხარ თანამდებობის პირი და გაქვს დიდი ძალაუფლება, შესაბამისად ძალიან დიდი რესურსიც გაქვს იმისთვის, რომ მოწმეებზე მოახდინო ზეგავლენა“, – განაცხადა თამთა თოდაძემ.

თამთა თოდაძესთან ერთად მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა მისი ადვოკატი თამარ ლუკავა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმის მასალებით მტკიცდება ილია ჯიშკარიანისთვის წარდგენილი ბრალი.

„გაგვაცნეს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, ასევე გავეცანით სისხლის სამართლის საქმის მასალებს დეტალურად და რასაც ვამბობდით, ნამდვილად იმ კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე გადაკვალიფიცირებულია ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად 138-ე მუხლის პირველი პუნქტი მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე. ამ მასალებით ნამდვილად დასტურდება, რომ თამთა თოდაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს ფაქტი, საქმეში დევს შესაბამისი მტკიცებულებები. გამოკითხულია არაერთი მოწმე. ილია ჯიშარიანის ჯანმრთელობის მდგმარეობაზე დასკვნა საქმეში არ დევს“, – განაცხადა ადვოკატმა თამარ ლუკავამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. ფაქტზე პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

დატოვე კომენტარი