დაზარალებულის ადვოკატი - პროკურატურამ ილია ჯიშკარიანის დაპატიმრება უნდა მოითხოვოს
დაზარალებულის ადვოკატი - პროკურატურამ ილია ჯიშკარიანის დაპატიმრება უნდა მოითხოვოს

პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა მოითხოვოს.

​დაზარალებული მხარე პროკურატურის მიერ ჯიშკარიანის მიმართ წარდგენილ ბრალდებას სრულად იზიარებს. როგორც ადვოკატმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, პროკურატურის გადაწყვეტილება ადეკვატური და დროულია.

„ნამდვილად ადეკვატური იყო პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით. ჩვენ მივმართეთ თხოვნით პროკურატურას, ამ დადგენილების გამოცემის მოთხოვნით. აღნიშნული სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სრულად გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ვიცოდეთ, რა საგამოძიებო მოქმედებები არის ჩატარებული პროკურატურის მიერ.

რაც შეეხება ბრალდებას, რომელიც ილია ჯიშკარიანს წარედგინა, სრულად ვიზიარებთ ამ კვალიფიკაციას. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ აუცილებლად უნდა მოითხოვოს პატიმრობა, ვინაიდან სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევა, რომელიც ძალადობრივი შინაარსისაა. სწორედ ამიტომ, პროკურატურამ უნდა მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ მუხლად მითითებულია თანამდებობრივი მდგომარეობით დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, ეს საფრთხეს უქმნის მომავალში სავარაუდო მტკიცებულებების გაქრობას. სწორედ ამიტომ უნდა დააყენოს პროკურატურამ შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების შესახებ“, – განაცხადა ადვოკატმა თამარ ლუკავამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი დღეს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ წარუდგინა. „ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო და 9 ოქტომბერს, 11:30 საათზე პროკურატურაში შესაბამისი დადგენილების გასაცნობად დაიბარა.