თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატს ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციაში გამოიკითხა
ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოში თამთა თოდაძის გამოკითხვა დასრულდა. თოდაძე საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თოდაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მისი ადვოკატის თქმით, თოდაძის დედას ილია ჯიშკარიანის მეგობარი დაუკავშირდა და მორიგება შესთავაზა.
ამასთან, თამუნა ლუკავას ინფორმაციით, გამოძიების მიერ უკვე ამოღებული და შესწავლილია შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული კამერების ჩანაწერები.
ამ წუთებში გამოკითხვაზე თამთა თოდაძის დედა იმყოფება.
„დამატებითი გამოკითხვა ჩატარდა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლებისგან, როგორც ჩანს, მისი თხოვნით, განხორციელდა კომუნიკაცია ნათიას დედასთან. მათ მიერ შეთავაზებული იყო მორიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ამ ფაქტის უარყოფა. თამთამ ჩვენება მისცა, მაგრამ მას ეს ინფორმაცია აქვს დედისგან. ამასთან, გამოძიებას მიეწოდა ინფორმაცია თამთას ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან გუშინ საღამოდან მას ფსიქოლოგიურ-ემოციური მდგომარეობა დაუმძიმდა და ჩავრთეთ ფსიქოლოგი.
ილია ჯიშკარიანის მეგობარმა უთხრა თამთას დედას, რომ მომხდარიყო მორიგება. დეტალებზე თამთას დედა გეტყვით, ის ახლაც გამოკითხვაზე იმყოფება. სახელს და გვარს, ვინ დაუკავშირდა, ამას ვერ გეტყვით ჯერ. რა შესთავაზეს სანაცვლოდ, ამაზეც ვერაფერს გეტყვით. კომუნიკაცია იყო მხოლოდ დედასთან ამ ფაქტის გახმაურებამდე. ჯერ არ ვართ დაზარალებულად ცნობილი და ველოდებით ჯიშკარიანისთვის ბრალის წარდგენას. გამოვარკვიეთ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ფაქტი. გამომძიებლების ინფორმაციით, მათ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული სათვალთვალო კამერები, სადაც ჩანს, რომ თამთა ნამდვილად გამოდის შემთხვევის ადგილიდან, დათვალიერების ოქმიც დევს საქმეში. ფაქტია, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომ ბრალი წარედგინოს კონკრეტულ პიროვნებას.
ჩემი ინფორმაციით, ჯიშკარიანი არის დაკითხული. მოწმეზე ზემოქმედებაც ცალკე დანაშაულია და ესეც დასჯადია. ვფიქრობთ, რომ პროკურატურა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ადვოკატმა თამუნა ლუკავამ.
საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.