თამაზ მეჭიაური თიანეთის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას პოლიტიკურ ნებას უკავშირებს
თამაზ მეჭიაური თიანეთის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას პოლიტიკურ ნებას უკავშირებს

თიანეთის მერი კომისიის მიერ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას პოლიტიკურ ნებას უკავშირებს და არა –  შეტანილ ცვლილებებს.

თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ზაქარია ქუცნაშვილის მცდელობის მიუხედავად, საკრებულომ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას და ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფრთხეს თავი აარიდა.

მისი თქმით, ამაში წვლილი ცენტრალურმა ხელისუფლებამაც შეიტანა.

როგორც თამაზ მეჭიაური აცხადებს,  ცვლილებები ბიუჯეტში დამტკიცების შემდეგაც შევიდოდა და ეს ფინანსური დოკუმენტის ორჯერ ჩაგდების მიზეზი არ უნდა გამხდარიყო.

„ეს იყო პოლიტიკური ნება არა ადგილობრივი წარმომადგენლობის, არამედ პარტიული ხელმძღვანელობის, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მათ იმიჯს აზიანებდა. ზაქარია ქუცნაშვილს მიაჩნია, რომ რაც უფრო ცუდადაა საქმე, მისთვის კარგია, რომ აქეთ ჩვენ დაგვწამოს არაკომპეტენტურობა, თავის მიერ გაფუჭებული საქმე ჩვენ გადმოგვაბრალოს. თუმცა ახლა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ბავშვმაც კი იცის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ზაქარია და ყველა პრობლემა რომელიც დაგროვდა, ისე გაშუქდა, როგორც სინამდვილეში“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მისი განცხადებით, ნამდვილად არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესებში, რომ ასეთი კოლაფსური სიტუაცია შექმნას რაიონში.

„გუშინ მქონდა აქტიური კომუნიკაცია გუბერნატორთან და ნამდვილად იყო დაინტერესებული, რომ ეს საკითხი დროულად გადაწყვეტილიყო, მაგრამ მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ ეს საკითხი კომისიაზე განხილულიყო და გადაიტანეს ორშაბათისთვის”, – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

დღევანდელ სხდომაზე თიანეთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა.

რაიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს სავარაუდოდ ორშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.