თიანეთის საკრებულო რაიონის ბიუჯეტის პროექტს დღეს განიხილავს
თიანეთის საკრებულო რაიონის ბიუჯეტის პროექტს დღეს განიხილავს

თიანეთის საკრებულო რაიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დღეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.

თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტის გარდა, მერიის სტრუქტურაც განიხილება. მეჭიაური ვარაუდობს, რომ საკრებულო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს.

„სხდომაზე, დიდი ალბათობით, დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ბიუჯეტი დაამტკიცონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები უკვე ჩიხში შედის. უკვე ყველა მიმართულებით იქმნება სერიოზული პრობლემები და ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დაუბრუნდება მათ, ვინც ხელს შეუშლის ნორმალურ ცხოვრებაში მუნიციპალიტეტის მუშაობას. თუ არ დამტკიცდა პირველ აპრილამდე, მაშინ რა თქმა უნდა, უკვე მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას და დანიშნავს ახალ არჩევნებს. ალბათ ეს იქნება ყველაზე ნორმალური გადაწყვეტილება. უკეთესი იქნებოდა, უფრო ადრე ყოფილიყო მიღებული ეს გადაწყვეტილება და თავიდან აგვეცილებინა პოლიტიკური თამაშები, რომელსაც ერთი პიროვნება ეწევა, ფაქტობრივად, თავის პირადი ინტერესებისთვის. ეს არანაირად არ ჯდება რაიონის ინტერესებში. დიდი ალბათობით, საკრებულოს უმრავლესობის ინტერესებშიც არ ჯდება. მე მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თიანეთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ რაიონის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს მხარი 18 იანვარს დაუჭირა. თიანეთის მერმა კომისიის მიერ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება პოლიტიკურ ნებას დაუკავშირა და არა შეტანილ ცვლილებებს.

თიანეთის საკრებულომ რაიონის ბიუჯეტი ორჯერ უკვე ჩააგდო. საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შენიშვნები საბავშვო ბაღებისა და უფასო სასადილოს, გარე განათებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების მიმართულებით ჰქონდათ. ბიუჯეტის დასამტკიცებლად საკრებულოს ვადა მარტის ბოლომდე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლება საკრებულოსა და მერს უფლებამოსილებას ვადამდე შეუწყვეტს და თიანეთში ხელახალი არჩევნები ჩატარდება.