თამარ ქალდანი - ყოფილა შემთხვევა, სესხის ამომღები კომპანიის თანამშრომლები მსესხებლების მიმართ უხეშად მოქცეულან
შესაძლოა, სესხის ამომღებ კომპანიას ასეთი მიზანი და ინტერესი არ ჰქონდა, მაგრამ გვქონია შემთხვევები, როცა კომპანიის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ძალიან უხეშ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემაა, რომ სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან გამოვლენილი დარღვევის დასადასტურებლად, ძალიან ხშირად, მტკიცებულებები ხელმისაწვდომი არ არის.
„იმისათვის, რომ დარღვევა დაადასტურო, მტკიცებულებებია საჭირო. ეს მტკიცებულებები კი ძალიან ხშირად ხელმისაწვდომი არ არის. როცა კომპანიების თანამშრომლები მოქალაქესთან კომუნიკაციას ამყარებენ, მოქალაქე დაბნეულია და ვიდეო თუ აუდიო ჩაწერას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, კომპანიებიც არ აღრიცხავენ, საიდან მოიპოვეს ინფორმაცია და როგორ გაიგეს კონკრეტული მოქალაქის გარემოცვიდან, ვის უნდა დაკავშირებოდნენ და ასე შემდეგ, ამიტომ ძალიან ბევრ ორგანიზაციას დავავალეთ, ყველა იმ ქმედების დოკუმენტირება მოახდინონ, რასაც პრაქტიკაში ახორციელებენ“, – განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.