პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი იურიდიულ ​კომიტეტში 2018 წლის ანგარიშს წარადგენს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი იურიდიულ ​კომიტეტში 2018 წლის ანგარიშს წარადგენს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიშს დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი წარადგენს.

2018 წლის ანგარიშში მთავარ პრობლემად ინფორმაციის ნაკლებობა და კონკრეტული პირის პირადი ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნით გადამოწმების ფაქტები სახელდება. ანგარიშში ასევე ცალკე თავად არის გამოყოფილი არჩევნების პერიოდში პერსონალური მონაცემების დარღვევის კუთხით დაფიქსირებული პრობლემები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დასკვნის მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო ან კერძო სექტორში დაცული ბაზიდან მოქალაქის პირადი მონაცემების გაჟონვა ხდება. სისტემურ ხარვეზად არის მიჩნეული კონფლიქტში ჩართული არასრულწლოვნების, ასევე გადასახადის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების მონაცემების საჯაროდ გავრცელების შემთხვევებიც.

„2018 წლის ანგარიშში ცალკე თავად არის გამოყოფილი არჩევნების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. იყო პრობლემები ამომრჩეველთა ერთიანი სამაგიდო სიების მხრივ, მასში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. ასევე დაფიქსირდა საარჩევნო პერიოდში საარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტები, რაც დეტალურად არის ასახული ინსპექტორის ანგარიშში“, – განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ოთარ ჩახუნაშვილმა.