თამარ ქალდანი - პრობლემაა, რომ ონლაინსესხების კომპანიები კლიენტის მონაცემებს არაუფლებამოსილ პირებს უმჟღავნებენ
ყველა ორგანიზაციას, რომელიც პერსონალურ მონაცემებს აგროვებს, იყენებს და ინახავს, პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულება აქვს, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ონლაინსესხების კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე მოქალაქის თანხმობა მონაცემთა დამუშავების ერთ–ერთი საფუძველია და გვესმის, რომ ვადაგადაცილებული ან გადაუხდელი სესხის პირობებში კომპანიებს თანხის დაბრუნების კანონიერი ინტერესი აქვთ, მაგრამ ეს მოქალაქის ღირსებისა და მისი უფლებების შელახვის ხარჯზე არაფრით არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ქალდანმა.
მისი თქმით, ერთ–ერთი მთავარი პრობლემა კომპანიების მხრიდან არაუფლებამოსილი პირებისთვის მონაცემების გამჟღავნებაა.
„ძალიან ხშირად ხდება ინფორმაციის მეზობლებისთვის და დამსაქმებლებისთვის გამჟღავნება ისე, რომ ამას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ საკანონმდებლო გარანტიები აქვთ, რათა საკუთარი ინტერესები დაიცვან და აქ მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არ იგულისხმება.
ონლაინსესხების ძალიან ბევრი ორგანიზაცია ახლა უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით სარგებლობს და მათზე ვრცელდება რეგულაციის წესი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 2017 წლის ივნისში დაამტკიცა. აღნიშნული წესი კომპანიებს ავალდებულებს, საჩივრების განხილვის სათანადო მექანიზმები ჰქონდეთ, ეთიკურად იმოქმედონ და არაუფლებამოსილი პირებისთვის ინფორმაციის გამჟღავნება არ დაუშვან“, – განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.