თამარ ქალდანი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინაშე 2018 წლის ანგარიშით წარდგება
საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი 2018 წლის ანგარიშით წარდგება. თამარ ქალდანი ისაუბრებს პერსონალური მონაცემების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობას ძირითადად დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიები სულ უფრო მეტად იზრდება. თუმცა, იონათამიშვილი აპირებს, ქალდანს შეკითხვა სხვადასხვა სახელმწიფო რგოლის მხრიდან შშმ პირთა მონაცემებზე წვდომის შესახებ დაუსვას.
„ვფიქრობ, ეს სამსახური საკმაოდ ეფექტურად ართმევს თავს იმ მიზნებსა და ამოცანებს, რომელიც არის დასახული, რაც პირველ რიგში გამოიხატება იმით, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიები წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად ხდება უზრუნველყოფილი. ასევე, მის მიმართ საზოგადოების ცნობიერება მაღლდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, იქნება საკმაოდ საინტერესო ანგარიში და რა თქმა უნდა, შესაბამისი დისკუსია გვექნება. ჩემი მთავარი კითხვა შეეხება შშმ პირთა მონაცემებზე წვდომას სხვადასხვა სახელმწიფო რგოლებიდან, რათა უფრო სწრაფად ხდებოდეს სერვისების მიწოდება შშმ ადამიანებისთვის და საჭიროებებზე მორგებული იყოს. ძირითადი ნაწილი ეს არის. სხვა მხრივ მართლაც პოზიტიურად მინდა, შევაფასო სამსახურის საქმიანობა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თამარ ქალდანთან რამდენიმე შეკითხვა აქვს „ევროპულ საქართველოს“. შეკითხვები შეეხება საგამოძიებო მექანიზმის დაფინანსებას, ასევე უკანონო მიყურადების, თვალთვალისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მხრივ არსებულ ვითარებას.
„მთავარი კითხვა, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქვს ქალბატონ თამარ ქალდანთან, ეხება საგამოძიებო მექანიზმს. მთავრობამ შემოიტანა ეს მექანიზმი, რომელსაც უნდა გამოეძიებინა სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულები, მაგრამ დღემდე არ არის გამოყოფილი შესაბამისი ფინანსური ასიგნებები ანუ ბიუჯეტი არ აქვს ამ ორგანიზაციას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის კანონის შესრულებას, შეუძლებელს ხდის უფლებამოსილების განხორციელებას. ამავე დროს ჩვენ ბუნებრივია, კითხვები გვაქვს უკანონო მიყურადებასთან, თვალთვალთან, ჩაწერასთან, კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც სისტემატურ პრაქტიკად გადაიქცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და ცხადია, პერსონალური დაცვის ინსპექტორსაც ჩვენ აუცილებლად გავესაუბრებით. გვაინტერესებს მისი შეფასება, არის თუ არა რაიმე პროგრესი ამ მიმართულებით“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.