თამარ ხულორდავა - გერმანია გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეგვიწყოს, რათა ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს, მეტი პროგრესი იყოს ხელშესახები ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის
გერმანია გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეგვიწყოს, რათა ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს, მეტი პროგრესი იყოს ხელშესახები ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ოფიციალური ვახშმის შემდეგ განუცხადა, რომელზეც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელსა და სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლეს.
„ანგელა მერკელის ვიზიტი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ჩვენთვის ძალიან დამაიმედებელი გზავნილები. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
მისივე თქმით, ანგელა მერკელთან საუბრის თემები ეხებოდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთად გასაკეთებელი და გერმანია გამოხატავს ყოველმხრივ მზადყოფნას, რათა ხელი შეგვიწყოს, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს, მეტი პროგრესი იყოს ხელშესახები ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გერმანიის კანცლერთან საუბარი ასევე შეეხო ვიზალიბერალიზაციის პროცესს.
„ყველა არსებითი, მნიშვნელოვანი საკითხი – ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა არის განხილული და არის დღის წესრიგში“, – დასძინა თამარ ხულორდავამ.
კითხვაზე, რატომ დაისვა ნაკლები აქცენტი გერმანიის კანცლერის მხრიდან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე, თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, რა გზავნილები გააჟღერა ანგელა მერკელმა დახურულ შეხვედრებზე.
„ამ მიმართულებით სიახლე ნამდვილად არ თქმულა. ყოველ შემთხვევაში, ეს არ გაჟღერებულა ღია შეხვედრებზე. დახურული შეხვედრის შესახებ მეც არ ვარ ჯერჯერობით ინფორმირებული. ასე რომ, ნამდვილად არ ვიცი, იქ რა გზავნილები იყო ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.