თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასა და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში საქართველოს დელეგაციის საქმიანობის ანგარიშებს წარადგენს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასა და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშებს წარადგენს.
თამარ ხულორდავას განცხადებით, გასული წელი ძალიან ნაყოფიერი იყო ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით.
„ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას ორ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო მექანიზმში: ეს არის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი, სადაც საქართველოს დელეგაცია და ევროპარლამენტის დელეგაცია ერთი და იგივე რაოდენობის წევრებით არიან წარმოდგენილი. ასევე, ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საპარლამენტო ასამბლეაში, ეგრეთ წოდებულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში და ამ საქმიანობას კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი წელი გვქონდა 2018 წელს ამ ორთავე ფორმატში მუშაობის შედეგად, და სწორედ ამ შედეგებს შევაჯამებთ ახლა“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
მისი თქმით, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ორი მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო, რომლებშიც ხაზგასმულია საქართველოს პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების მიმართულებით და ასევე მკვეთრად ფიქსირდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მხარდამჭერი პოზიციები.
„ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი მუშაობს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველობის კუთხით, ანუ ეს არის ერთობლივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც შედგება ქართველი და ევროპარლამენტარებისგან. ჩვენ წელიწადში ორჯერ ვიკრიბებით და ვაფასებთ პროგრესს, ვსაუბრობთ გამოწვევებზე, ვიღებთ რეზოლუციებს, რეკომენდაციებს. ასეთი შემაჯამებელი დოკუმენტი 2018 წელს ორი მივიღეთ და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა საკითხი აისახა ამ დოკუმენტში, როგორიც არის ჩვენი პროგრესი ასოცირების შეთანხმების განხორციელების გზაზე, თავისუფალი ვაჭრობის შედეგად მიღებული სარგებელი, რომელიც ქვეყანას აქვს, სხვადასხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია – იქნება ეს განათლება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ერთი საკითხი, რომელიც მუდმივადაა ჩვენს დღის წესრიგში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია, რომლებზეც ჩვენს ერთობლივ დოკუმენტებში ყოველთვის ძალიან მკვეთრი, საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია ფიქსირდება. გარდა ამისა, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ყოველთვის, ყველა დოკუმენტში, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან საუბრის პროცესში, როცა ჩვენ ვუთითებთ სწორედ იმაზე, რომ ევროპარლამენტი მხარს გვიჭერს ჩვენს სწრაფვაში, გავხდეთ ევროკავშირის წევრები“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისივე თქმით, გასულ წელს მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზეც.
„რაც შეეხება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას, აქ საქართველო ძალიან აქტიური წევრია. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს „აღმოსავლეთ პარტნიორ“ ქვეყნებთან და ევროპარლამენტთან ერთად ამ პლატფორმაზე. შარშან დავამტკიცეთ საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული და ჩვენი ავტორობით შედგენილი ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რაც იყო უსაფრთხოების გამოწვევები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება კონფლიქტების დარეგულირების საკითხში“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროკავშირთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ საპარლამენტო ოპოზიციაში. სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სტრატეგიული ამოცანა ევროკავშირთან მიმართებით და აგრძელებს მემკვიდრეობით მიღებულ დღის წესრიგს.
„რაც შეეხება ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებს, დღეს მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის არის ის, რომ არ გვაქვს დასახული რაიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა ევროკავშირთან მიმართებით. რეალურად ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ შეასრულა პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო წინამორბედისგან და ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირთან ურთიერთობის არანაირი ახალი პერსპექტივა არ იქმნება. და მეორე – ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რომ დღეს ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამის პარალელურად, რუსეთი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ხდება საქართველოსთვის. ევროკავშირის ბაზრის შესაძლებლობების ათვისებას ჩვენ რეალურად ვერ ვახერხებთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
2019 წელს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა მიიღო დოკუმენტი, რომელშიც საუბარია გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიაზე. ტექსტში დაგმობილია მომხდარი ფაქტი. კომიტეტი ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უფრო აქტიური მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს კონკრეტული სამართალდამრღვევების მიმართ სანქციების გამოყენების ნაწილში.