მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს
მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში, რომელიც დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა, მონაწილეობა მიიღო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიუროს სხდომის ფარგლებში მიმოიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური ვითარება.

„ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მთავარმა მკვლევარმა, მაიკლ ემერსონმა მოხსენება გააკეთა ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაზე „ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შედარებითი ანალიზი – ევროპული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“, სადაც ბალკანეთის, ასევე ევროკავშირთან ასოცირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას – ე.წ. სამეულის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებია შედარებული.

სხდომის დასასრულს ბიურომ განიხილა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხები და ერთხმად გადაწყდა, რომ მომდევნო სესიის განხილვის მთავარი თემა იქნება „პოსტკოვიდური ვითარება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობისა და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე პლენარული სესია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსისა და მაკა ბოჭორიშვილის თანათავმჯდომარეობით მიმდინარე წლის 19-20 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფარგლებში ჩატარდება.