თამარ ხულორდავა - ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაციის ის არხები, რომელიც რუსეთთან გვაქვს
თამარ ხულორდავა - ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაციის ის არხები, რომელიც რუსეთთან გვაქვს

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაციის ის არხები, რომელიც რუსეთთან გვაქვს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს. ამ ქვეყანასთან საერთაშორისო მოლაპარაკების მექანიზმი გვაქვს, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის სახით არსებობს. არსებობს ასევე პირდაპირი მოლაპარაკების ერთადერთი ფორმატი, აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც პოლიტიკურ თემებზე მიძღვნილი არ არის და კონკრეტული სფეროებითაა შემოფარგლული“, – განაცხადა ხულორდავამ.

მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატს კონკრეტული დანიშნულება, მიზანი აქვს და ის კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად არსებობს.

„მეტნაკლებად, ის თავის როლს მაინც ასრულებს და მას კონკრეტული შედეგები აქვს. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ, ამ ფორმატში მუშაობა შენარჩუნდეს და უნდა გავაგრძელოთ მცდელობა, რომ მეტი შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ „რუსეთი არაპროგნოზირებადი პარტნიორია და ყოველთვის ისეთი გადაწყვეტილებების მიმღებია, რომელიც ჩვენი ინტერესებისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის, მაგრამ ამ მოლაპარაკების არხს მაინც იმედის თვალით უნდა ვუყურებდეთ, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, შეიძლება არც თუ სწრაფად და აქტიურად, მაგრამ მაინც, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საკითხი წინ წავიყვანოთ“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექნება თუ არა ქართულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოძრავი ტვირთების რეალური კონტროლის საშუალება და რა გარანტიები აქვს ქართულ მხარეს, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს დაიცავს და საჭირო ინფორმაციას გასცემს, თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ რთულია იმის თქმა, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი და მოვლენები როგორ განვითარდება, თუმცა ის, რომ შეთანხმება შედგა, ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯია.

„რუსეთის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერა თავისთავად მისასალმებელი ფაქტია. ეს ძალიან კომპლექსური სახის შეთანხმებაა და რახან შეთანხმება შედგა, უნდა განხორციელდეს ის იდეები, პრინციპები და მიზანი, რაც საერთაშორისო მონიტორების შემოყვანას და ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩართვას ემსახურება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.