თამარ ხულორდავა - აშშ უნდა დავარწმუნოთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მათთვისაც ისეთივე საინტერესო თემაა, როგორც საქართველოსთვის
თამარ ხულორდავა - აშშ უნდა დავარწმუნოთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მათთვისაც ისეთივე საინტერესო თემაა, როგორც საქართველოსთვის

აშშ-ში პრემიერ მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან ბევრი საინტერესო გზავნილი მოვისმინეთ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ მივიღეთ იმის დადასტურება, რომ საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ში რომელიმე ერთი პარტიის თემა არ არის და ეს აშშ-ის მთლიანი პოლიტიკური სპექტრის გამაერთიანებელი საკითხია.

„რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან მაღალი შეფასებები და სერიოზული მხარდაჭერა ისმის. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა; ეს არის აღიარება იმისა, რომ საქართველო აშშ-სთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ამასთან ერთად, ხაზი გაესვა იმას, რომ აშშ ნატო-ს გაფართოებას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს, რაც ძალიან სერიოზული გზავნილია, მით უფრო ახლა, როცა მოახლოებულია ბრიუსელის სამიტი“, – განაცხადა ხულორდავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიმართულებით, თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი დაწყებულია, მოლაპარაკებები ალბათ, გარკვეულ დროს წაიღებს, მაგრამ საკითხი უკვე დაყენებულია და პოლიტიკურად არის გაჟღერებული, რაც მწვანე შუქს იძლევა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები დაიწყოს და საკითხი სერიოზული შედეგებით დაგვირგვინდეს.

„აშშ უნდა დავარწმუნოთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მათთვისაც ისეთივე საინტერესო თემაა, როგორც საქართველოსთვის. აშშ-ში ვიზიტისას, პრემიერმა სხვა საკითხებთან ერთად, აქცენტები სწორედ ამ საკითხზე გააკეთა“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.