თამარ ჩუგოშვილი - ყველა საჯარო მოხელე, რომელსაც ქირაობს ამომრჩეველი, სრული თავდადებით უნდა ემსახურებოდეს სწორედ ამ ადამიანებს
პროფესიონალები გვჭირდება ყველა მიმართულებით, რადგან ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განცდა, რომ სახელმწიფო მოხელეები, თანამდებობის პირები, საჯარო მოსამსახურეები, დღეს და ღამეს არ ათენებენ მათზე ზრუნვაში, ეს არის განცდა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საჯარო მოხელე, რომელსაც ქირაობს ამომრჩეველი, უნდა ემსახურებოდეს სწორედ იმ ადამიანებს, ვის მიერაც არის დაქირავებული.
„ჩემს პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ერთ-ერთი ადამიანი ვარ გუნდში, ვინც საკმაოდ კრიტიკულად უყურებს საკუთარ თავსაც და გუნდას. ჩემ წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ იმ პრობლემებში, რა პრობლემებიც იყო. ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გზავნილებიდან ერთ-ერთი არის ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყანას სჭირდება, არის პროფესიონალიზმი. პროფესიონალები გვჭირდება ყველა მიმართულებით, რადგან ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განცდა, რომ სახელმწიფო მოხელეები, თანამდებობის პირები, საჯარო მოსამსახურეები დღეს და ღამეს არ ათენებენ მათზე ზრუნვაში, ეს არის განცდა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არ უნდა იყოს. ისედაც გვიჭირს, გაჭირვებული ქვეყანა ვართ, მილიონი პრობლემა გვაქვს და ყველა საჯარო მოხელე, რომელსაც ქირაობს ამომრჩეველი, სრული თავდადებით უნდა ემსახურებოდეს, დღე და ღამე სწორედ იმ ადამიანებს, ვის მიერაც არის დაქირავებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამაში თუ შევძელით გარდატეხა, ეს იქნება ძალიან დიდი გარდატეხა საქართველოში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, საჭიროა, რომ პარლამენტში მთავრობა საზოგადოებას უხსნიდეს, რას აკეთებს, როგორც აკეთებს და როგორც აგვარებს პრობლემებს.
„რაც შეეხება პარტიულ საქმიანობას, ამაზე არჩევნების შემდეგ უფრო დეტალურად გვექნება საუბარი, მაგრამ პარტიაშიც ვფიქრობთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, მათ შორის რეგიონების მასშტაბით, რომლებსაც ძალიან კარგი რესურსი აქვთ და შეუძლიათ პარტიაში უფრო მეტად დაინახონ თავისი თავი”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.