თამარ ჩუგოშვილი - ვფიქრობ, ჯერ არ მივსულვართ იმ წერტილამდე, როდესაც შეიძლება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა მოხდეს, თუმცა საგანგაშო სიგნალები მოდის
დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის მოსაზრებით, საქართველო იმ წერტილამდე ჯერ არ მისულა, როდესაც შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა მოხდეს, თუმცა ვაშინგტონიდან საგანგაშო სიგნალები მოდის.
ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი სენატორების დღევანდელ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება წერილებს სრული სერიოზულობით უნდა მოეკიდოს.
„ამჯერად, ეს სენატორები საგარეო კომიტეტის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები არიან. სენატორმა შაჰინმა საქართველო ძალიან კარგად იცის, ნამყოფია, სხვადასხვა ხელისუფლებების დროს საქართველოსთან თანამშრომლობდა და მხარს უჭერდა. ხელისუფლებიდან ჩვენი წამოსვლის შემდეგ, საგარეო კომიტეტის ახალი თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის პირველივე ვიზიტები სწორედ ვაშინგტონში დაიგეგმა და შეხვედრები იყო კონგრესში, მათ შორის იმ პირებთან, რომლებიც ამ წერილების გზავნას აგრძელებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ წერილების შინაარსი ინფორმაციული ვაკუუმის კი არა, არამედ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. სერიოზულობით უნდა მივიღოთ როგორც ქვედა, ასევე ზედა პალატის კომიტეტების წერილებს, მით უმეტეს, როდესაც საფრთხე აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას ექმნება. ვისურვებდი, რომ ასეთი ზედაპირული კომენტარები გვერდზე გადავდოთ, რომელსაც ვისმენთ. ეს კომენტარები საქმეს აფუჭებს”, – აცხადებს ჩუგოშვილი.
დეპუტატის განცხადებით, თუ უმრავლესობის წევრები იმ კომენტარების გაკეთებას აგრძელებენ რაც ისმის, ეს აშშ-ის პოლიტიკოსებს უბიძგებს, უფრო უარესი და უარესი წერილები მოიწერონ.
„არასწორ მესიჯ-ბოქსს რაც უფრო მალე შეცვლიან, მით დროულად მოვიშორებთ იმ პრობლემას, რომლის წინაშეც ვდგავართ. ვფიქრობ, ჯერ არ მივსულვართ იმ წერტილამდე, როდესაც შეიძლება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა მოხდეს, თუმცა საგანგაშო სიგნალები მოდის. ეს გამოიწვია 14 ნოემბერმა, მის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა და ნდობის ჩამოშლამ. ერთადერთი, რაც ქვეყანას შეუძლია, პარტნიორების ნდობის დასაბრუნებლად გააკეთოს, ის არის, რომ ქართველ ხალხს სამართლიანი არჩევანის გაკეთების საშუალებას მივცეთ. ხელისუფლების წარმომადგენლების არასწორი გზავნილები უარესი რეალობის წინაშე გვაყენებს და ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ. რაც შეეხება განცხადებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო შტოდან წამოსულ განცხადებებს ნუ კითხულობთ და იკითხეთ, მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან წამოსული გზავნილებიო, ეს არის უკიდურესად არაკომპეტენტური ადამიანის ნათქვამი. არ შეიძლება ამის თქმა, თუ ოდნავ მაინც იცნობ შენს სტრატეგიულ პარტნიორს. საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკაში მართლაც გამიჯნულია პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება. იქაური საკანონმდებლო შტო აღმასრულებელზე ძლიერია. ამასთან, პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ იმას, რასაც დიპლომატები ამბობენ ფრთხილად. აღმასრულებელ შტოს კი დიპლომატები წარმოადგენენ და ეს გასათვალისწინებელია. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იგივე თქვას, რასაც სენატორები და კონგრესმენები ამბობენ. იგივე რომ თქვას, საქართველო დარჩენილია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. იმედი მაქვს, ამას არ ელოდებიან ჩემი კოლეგები, რომლებსაც, როგორც ჩანს, საერთოდ არ ესმით, რაზე საუბრობენ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.