თამარ ჩუგოშვილი - თუ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვაზე კანონპროექტი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, შესწორება შესაძლებელია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თუ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი გარკვეული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, ამის შესწორება შესაძლებელია.
ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადგილი არანაირი შეზღუდვის მცდელობას არ აქვს.
დეპუტატის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში მოუწევს, რომ კონსტიტუციური ჩანაწერი კანონში გაიმეოროს, მაგრამ ეს არაფრის შეზღუდვას არ ემსახურება.
„თუ კანონპროექტი გარკვეული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლეოდა, ამის შესწორება შეგვიძლია. შესაბამისად, ღელვისა და ნერვიულობის საფუძველი თუ მიზეზი არ გვაქვს, რადგან რაღაცის შეზღუდვის მცდელობა არავის აქვს. ამოცანაა, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი გავიმეოროთ. კანონმდებლობაში კონსტიტუციური ჩანაწერი ისე როგორ უნდა განვახორციელოთ, რომ ორმაგად ინტერპრირებული არ იყოს და რაიმე კითხვები არ გაჩნდეს, ამაზე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან. უფლების შეზღუდვის განზრახვა არანაირად არ არის, ამას გამოვრიცხავ. სამართლებრივი რეგულაციების თვალსაზრისით, ეს სწორად როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ, ამაზე მზად ვართ, ვიმსჯელოთ, გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, ან სხვა ვერსიები განვიხილოთ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.