თამარ ჩუგოშვილი - თუ ნორმალურ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, პასუხისმგებლობა სხვადასხვა ხარისხით ყველას გვეკისრება
თუ ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში და საზოგადოებაში ცხოვრება გვინდა, პასუხისმგებლობა სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ ყველას გვეკისრება, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ბუნებრივია, პასუხისმგებლობა, ყველაზე დიდი დოზით, ხელისუფლებაზე მოდის, მაგრამ ის მოქალაქეებს და საზოგადოებასაც გვეკისრება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მოვახერხებთ, რომ ამ მენტალიტეტიდან ნაბიჯები წინ გადავდგათ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ძალიან მძიმეა, როცა არსებობს ათეულობით, თუ 100-ზე მეტი ადამიანი, ვისაც შეუძლია, სახელმწიფოსა და ხელისუფლებას დაეხმაროს, რომ მკვლელი გარეთ არ დადიოდეს, მაგრამ ამას არ აკეთებს და საქმეებთან დაკავშირებით პოზიციას სხვა ფორმით გამოხატავს.
„ბუნებრივია, ეს საგამოძიებო ორგანოებზე და მართლმსაჯულებაზე პასუხისმგებლობას არ ხსნის, მაგრამ ჩვენ, როგორც კონკრეტულ მოქალაქეებს, ჩვენი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია და თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, იმედია, ჩვენ, როგორც ადამიანები, ამ პასუხისმგებლობის გააზრებას შევძლებთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რასთან გვაქვს საქმე, როცა დღისით ორი ბავშვი მოკლეს და 100 მოწმიდან პროკურატურასთან მხოლოდ ოთხმა ითანამშრომლა.