თამარ ჩუგოშვილი - სულ უფრო მეტი ინფორმაცია მოდის რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან და სახლიდან ვერ გამოდიან
თამარ ჩუგოშვილი - სულ უფრო მეტი ინფორმაცია მოდის რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან და სახლიდან ვერ გამოდიან

ვფიქრობ, გუშინ ამ მონოლოგის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება იყო ძალიან ძალიან ცალსახა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. ეს არ იყო უბრალოდ ბილწსიტყვაობა, უბრალოდ არაეთიკური გამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ასე ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“-ის დანარჩენი შემადგენლობა, ასეთი შეფასება მიეცეს, როგორც ერთი ჟურნალისტის უზრდელური გამოხტომა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რეაგირების სახით, „რუსთავი 2“-ის მხრიდან გაჟღერდა, რომ გიორგი გაბუნია ორი თვე დაისვენებს.

„ეს არის ნარატივი, რომელიც ჩვენ მივიღეთ მათი მხრიდან. მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ უზრდელობა, რადგან „რუსთავი 2“-ისგან უზრდელობას, არაეთიკურ გამოსვლებს, ლანძღვას, გინებას და შეურაცხყოფას, დიდი ხანია, მიეჩვია ყველა. ეს არის მათი ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი, ასე იქცევიან. ამიტომ, გუშინ რომ დირექტორი ეთიკურებისკენ მოუწოდებდა გაბუნიას, ძალიან სასაცილოდ ჩანდა მგონი ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თვეების განმავლობაში ამკვიდრებდა ამ ლანძღვა-გინებას და უზრდელობას ტელეეთერში. საქმე ამაში არ იყო, რომ მან იუზრდელა და მან არაეთიკურად გამოხატა თავის აზრი, ეს არ ყოფილა პრობლემა, ამას არ გამოუწვევია საზოგადოების აღშფოთება. ეს უჩვეულო ერთიანობა, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ რეაქციებში, გამოიწვია იმან, რომ ისედაც ძალიან დაძაბულ, ისედაც უმარტივესად აალებად სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვართ, ჩვენი ქვეყანა არის, დამატებითი პროვოკაციული გამოხტომები და კიდევ უფრო სწრაფად და კარგად აალების დამატებითი მცდელობები, ყველას უჩენს რეალური საფრთხის განცდას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გაბუნიას მონოლოგს უკვე მოჰყვა გარკვეული შედეგები რუსეთის მხრიდან.

„მე ბუნებრივია, არ ვამბობ იმას, რომ ეს ომს გამოიწვევდა და ა.შ. მაგრამ ამას თავისი შედეგები მოჰყვა და მოჰყვება. პირველ რიგში, მოდის სულ უფრო მეტი ინფორმაცია რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს და რამდენადაც მე მესმის, სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან და სახლიდან ვერ გამოდიან, მგონი, იმდენად დიდი არის მათ მიმართ აგრესია. ეს არის უდიდესი რაოდენობით ქართველები, რომლებიც ამ წუთში არიან რუსეთში რეალური საფრთხის ქვეშ ამ განცხადების გამო. ასევე, ჩვენ დღეს ვნახეთ შედეგები, რაც მოდის, წამოვა და დაემატება, გაბუნიას გამო თუ სხვა მიზეზების გამო, საერთო ჯამში, შეიძლება, ყველაფრის გამო. მიიღეს გადაწყვეტილება ფულადი ტრანსფერების აკრძალვის შესახებ, ვაჭრობის აკრძალვის შესახებ და ა.შ. ანუ, ფაქტობრივად, სრული ეკონომიკური ემბარგო ისევ ამოქმედდა, რაც არის მთელი კომბინაცია, ყველაფრის შედეგი და არ ვამბობ, რომ მხოლოდ გაბუნიას გამო. არ ვამბობ, რომ მხოლოდ გაბუნიამ გამოიწვია ეს. ვამბობ იმას, რომ მარტივად აალებადი არის ახლა, იმდენად დაძაბულია ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.