თამარ ჩუგოშვილი - სტრასბურგში საქართველოს მხარის ინტერესი იმის დადგენაცაა, რომ რუსეთი ამ ომისთვის გაცილებით ადრე ემზადებოდა
სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელები და საქმეები იშვიათობაა და საქმე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ პრეცედენტულია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ძირითადად, სტრასბურგის სასამართლოში არის დავები – მოქალაქეები სახელმწიფოების წინააღმდეგ და სახელმწიფოთაშორისი სარჩელები იქ საკმაოდ ცოტაა. წინასწარ იმის შეფასება ძალიან რთულია, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. ამის წინასწარ თქმა მით უმეტეს რთულია, როცა პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, რადგან ამ საქმეს სხვა იდენტურ საქმეებს ვერ შევადარებთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ამ საქმეზე მუშაობა წლების განმავლობაში მიდიოდა და 2012 წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტრო აგროვებდა და სტრასბურგის სასამართლოში წარადგენდა ყველა იმ მტკიცებულებას, რისი მოგროვებაც შეიძლებოდა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლო ტრიბუნალი არ არის, რომელიც ომის საქმეებს განიხილავს, მაგრამ ეს სასამართლო იმ კუთხით არის საინტერესო, რომ მას ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბურობის შესწავლა-შეფასება შეუძლია.
„საქართველოს მხარის ინტერესი მათ შორის, იმის დადგენაცაა, რომ რუსეთი ამ ომისთვის გაცილებით ადრე ემზადებოდა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოში მაქსიმალურად ყველა მტკიცებულებას წარადგენს, რისი წარდგენაც კი შეიძლება, რათა ამ საქმეში ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ.